საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე ისაუბრა.
მმართველ გუნდს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ორგანიზებით რეგიონებში ჩატარებული შეხვედრები მოჰყავს, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის "ლელოს" ოპოზიციური გაერთიანების წევრი.
შალვა პაპუაშვილი სვამს კითხვას, ვინ აფინანსებს ამ კამპანიას და რატომ აძლევს არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია პოლიტიკური აგიტაციისთვის ოპოზიციას პლატფორმას. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.
"სახეზე გვაქვს არასამთავროო ორგანიზაციის მხრიდან, წინა საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, რომელიც ამავე დროს არის საარჩევნო დამკვირვებელი.
მოქალაქეს უჩნდება კითხვა - ვინ აფინანსებს ამ აქტივობებსა და ჩარევას წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამის პასუხები არ გვაქვს იმიტომ, რომ ვერ ვხდებით, სხვადასხვა დონორებიდან რომელი არის კონკრეტული ღონისძიების დონორი. ვინაიდან, შემდეგ ჩვენ უნდა ვკითხოთ, თუ ეს არის შვედეთის განვითარების სააგენტო, მაშინ კითხვები ჩნდება შვედეთის განვითარების სააგენტოს მიმართ. არის თუ არა ეს მათგან მოწონებული და დავალებული ღონისძიება. თუ არ არის, ახლა რომ შეიტყვეს, რა ღონისძიებების მიღებას აპირებენ, ვინაიდან ეს ნიშნავს არჩევნებში ჩარევას.
ჯერჯერობით, ბევრი დეტალი არ გვაქვს, ვინაიდან გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორი, თუმცა იმ ინფორმაციებით, რაც საჯაროდ ვრცელდება ხოლმე, ვხედავთ პირდაპირ ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ფინანსდებიან პარტიები, ყალბი NGO თემების გამოყენებით. ახლა ვხედავთ სხვადასხვა NGO-ის აქტივობების ტალღას. როგორც ჩანს, ზოგიერთმა დონორმა ახლა ეს ხერხი გამონახა - აფინანსებ NGO -ს თითქოს ეს არის მოქალაქეებთან შეხვედრა, სინამდვილეში ეს არის წინასაარჩევნო აგიტაცია, რაც არის არჩევნებში ჩარევა. ამიტომ, ყველა დონორს, ყველა საელჩოს, ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ, რომ იყვნენ ფრთხილი და დაკვირვებულნი ამ საკითხში, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, როდესაც ერთი სახელმწიფო, საკუთარი ფულით, მონაწილეობს მეორე სახელმწიფოს არჩევნებში, პირდაპირ თუ არაპირდაპირ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.