05 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
დევდორაკი, ჭანჭახი, ნენსკრა, ენგური, თერგი, შავი არაგვი - ამ და მაღალი რისკის შემცველ მყინვარულ ხეობებში უპრეცედენტო მასშტაბის კვლევითი სამუშაოები დაიწყო

მსოფლიოში ცნობილი, შვეიცარიული კომპანიის უპრეცედენტო კვლევა მთელ კავკასიონს მოიცავს. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მასშტაბური შესწავლა განსაკუთრებით ფოკუსირებულია იმ 22 მყინვარულ ხეობაზე, სადაც დასახლებული პუნქტებია. მასების გადაადგილებისა და რისკის შემცველი უბნების იდენტიფიცირების შემდეგ, დაგეგმილია პრევენციული ღონისძიებები. კვლევამ უნდა განსაზღვროს, როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ისე განგაშისა და წინასწარი შეტყობინების სისტემების საჭიროება.

მასშტაბური კვლევის სამიზნეა ნენსკრას, ხალდეს, ენგურის, ჭანჭახის, თერგის, შავი არაგვის, ამალი-დევდორაკისა და სხვა დასახლებული ხეობები. ერთი წლის წინ, შოვში დატრიალებული ტრაგედიის მაგალითზე, კვლევის ავტორები ახლა ცხელი წერტილების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ. შვეიცარიულმა კომპანია “ჯეოტესტმა“ კვლევების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. დოკუმენტირებულია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარების დნობისა და მასების გადაადგილების პროცესი. კვლევის მეორე ეტაპი, კონკრეტულ უბნებზე, საველე სამუშაოებს მოიცავს.

მსოფლიოში წამყვან, შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულება გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გააფორმა. კავკასიონზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, უწყებაში დღეს საერთაშორისო ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა. მასშტაბურ კვლევებში ჩართულია კომპანია “გეოგარფიკიც“.

კონკრეტულად, სად და რა მასშტაბის რისკებია მოსალოდნელი მყინვარებზე? ამ კითხვას ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანია პასუხს ოქტომბრის ბოლოს გასცემს. სწორედ ამ დროს დასრულდება კავკასიონზე უპრეცედენტო მასშტაბის კვლევითი სამუშაოები.

დღის ამბები