10 ოქტომბერი 2024,   10:49
ვრცლად
დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება - პრემიერი 

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანამანათლებლო აღორძინებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "დიდგორობის" სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.

"ამ გამარჯვებამ მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი" მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება; ამ გამარჯვებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანამანათლებლო აღორძინებას. სწორედ, დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, ეს იყო ქრისტიანული ფასეულობების უდიდესი გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს ეროვნული იდენტობა და უნიკალური ქართული კულტურა დღემდე ეფუძნება. შესაბამისად, დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა დღევანდელ დღეს ეფუძნება.

დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი ჩვენზე მრავალრიცხვოვანი იყო, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით, ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნისთვის თავდადებით და, რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. მსურს, გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას - „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!" ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები