ჰაიდი ტალიავინის განცხადებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საგანია. "ქართული ოცნება" აგვისტოს ომის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას თემის აქტუალიზებისთვის აკრიტიკებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ კითხვებზე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს პასუხი უკვე გაცემული აქვთ.
"2008 წლის ომთან დაკავშირებით პასუხი გაცემული აქვს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოებს, ასევე, ევროსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე. ძალიან მალე, 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ტალიავინის ანგარიში ყველაზე უკეთ სწორედ რუსეთმა გამოიყენა.
"ეს ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად. ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არაერთი პრეტენზია მაშინვე, როგორც კი ის გამოქვეყნდა. პრეტენზია ანგარიშთან დაკავშირებით მე იგივე მაქვს, რაც მის ავტორს აქვს დღეს, რომ ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა. ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.