თავის მართლების უშედეგო მცდელობა - ასე აფასებს მმართველი პარტია "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" განმარტებას, რომელიც ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ მომზადებულ სტატიასთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.
ორგანიზაცია წერს, რომ კვლევა არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებას ეხებოდა. სტატიის ავტორებმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალეს, რაც "ქართულის ოცნების" პრესსამსახურმა მათ საჯაროდ უპასუხა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია და ორგანიზაცია ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ დეკლარაციის გრაფაში მითითებული ოჯახის წევრის საკუთრება საერთო ქონებად ითვლება და ორგანიზაციის არგუმენტი თავის მართლების უსუსური მცდელობაა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში თავად აფიქსირებდა მისი მეუღლის სახელზე არსებულ აქტივებს, რაც საჯარო ინფორმაცია იყო და ახლად აღმოჩენილი სკანდალი ვერანაირად ვერ იქნებოდა.
ივანიშვილისა და მისი მეუღლის საკუთრებაზე სტატია უცხოური დაფინანსებით მომზადდა. დონორებს შორის არიან "ღია საზოგადოების ფონდი" (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), ასევე შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). ჟურნალისტური გამოძიების ქართველი თანაავტორები არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები - მათ შორის "აი ფაქტი", "სტუდია მონიტორი" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არიან. რა ინფორმაცია მიაწოდეს, სად გადაამოწმეს და რაზე დაყრდნობით მოამზადეს მასალა? - არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ კითხვებს მათ დღეს არ უპასუხეს.
რას ემსახურება დეზინფორმაცია და რაში იხარჯება უცხოური დაფინანსება? - ოპოზიციაში ამ საკითხს სხვადასხვაგვარად აფასებენ, თუმცა თანხმდებიან, რომ კონკრეტული სტატიის შინაარსი ფაქტებით დადასტურებას საჭიროებს.
"ქართული ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, სტატიის ავტორებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებლები არიან მათი დამფინანსებლებიც. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უცხოელმა დონორებმა უნდა გადახედონ იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ვინც მათივე თქმით, სიცრუეს ტირაჟირებენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დეზინფორმაციული სტატიის გავრცელება კიდევ ერთხელ ადასტურებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ჟურნალისტური მასალის მომზადების პერიოდში მის ავტორს, კელი ბლოსს მმართველი პარტიასთან კომუნიკაციაც ჰქონდა. როგორც პრეს-სამსახური აცხადებს, გადმოგზავნილ კითხვებშივე იკვეთებოდა, რომ სტატია პარტიის საპატიო თავმჯდომარის და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის იყო გამიზნული.