05 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
შეტევა ერთდროულად 8 ოლქზე - უკრაინული დრონების სამიზნე, მოსკოვთან ერთად, რუსეთის კიდევ რამდენიმე ოლქი გახდა

შეტევა ერთდროულად 8 ოლქზე - უკრაინული დრონების სამიზნე, მოსკოვთან ერთად, რუსეთის კიდევ რამდენიმე ოლქი გახდა. კურსკის რეგიონში კონტროლის ზონის გაფართოების პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში ენერგოობიექტებზე მიიტანეს. ხარკოვზე, საოკუპაციო ძალის სარაკეტო შეტევას საპასუხო მოქმედებებთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაც მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან დამატებით შეიარაღებას და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ჭურვების გამოყენების უფლებას ითხოვს.

ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ ქალაქი ხარკოვი საოკუპაციო ძალის სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. ბალისტიკური რაკეტები ამჯერადაც სამოქალაქო ობიექტებზე დაეშვა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა, თუმცა პირველადი მონაცემებით 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. სამაშველო ჯგუფები, ექიმები და მოხალისეები დაშავებულების დახმარებას დარტყმების განმეორების რისკის ქვეშ ცდილობდნენ.

ხარკოვზე იერიშის საპასუხოდ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ქალაქს, ბელგოროდს დაარტყეს. ამ შემთხვევაშიც არიან დაშავებული სამოქალაქო პირები. გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული შენობები და დამწვარი მანქანებიც.

რამდენიმე საათით ადრე, გამთენიისას უკრაინამ საჰაერო შეტევა რუსეთის ერთდროულად 8 ოლქზე განახორციელა. მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება "კამიკაძე დრონებით" რუსეთის დედაქალაქზე მიტანილ იერიშებს მოყვა. მოსკოვის ოლქის კაშირსკის რაიონში ელექტროსადგური დაიბომბა. მოსკოვის კაპოტნაიას რაიონში კი, დრონები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეშვა.

უკრაინის საჰაერო ძალების სამიზნე რუსული ენერგოობიექტი იყო ტვერის ოლქშიც. აქ კამიკაძე დრონებით კონაკოვსკაიას ელექტროსადგურს დაარტყეს.

თავდასხმები დაადასტურეს რუსმა ოფიციალურმა პირებმა. მათი მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტი უკრაინული დრონი განადგურდა.

საჰაერო ოპერაციების გარდა ბრძოლა გრძელდება ხმელეთზე. საოკუპაციო ძალა ცდილობს აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ინიციატივა და წინსვლა შეინარჩუნოს. უკრაინელ სამხედროებს მათი შეტევების მოგერიება უწევთ. ბოლო 24 საათში განსაკუთრებით მძიმე შეტაკებები უგლედარის, პოკროვსკის და კუპიანსკის მიმართულებით იყო.

თავის მხრივ კონტროლის ზონას ყოველდღიურად აფართოებენ უკრაინელი სამხედროების რუსეთის კურსკის რეგიონში სადაც მოულოდნელი ოპერაცია 6 აგვისტოს წამოიწყეს და ამ დრომდე გრძელდება. ამ ოპერაციით, ასევე სიღრმეში, მომარაგების ცენტრებზე, ენერგოობიექტებზე და სამხედრო ბაზებზე იერიშების მიტანით უკრაინა ცდილობს ომის სცენარი შეცვალოს. ზელენსკი პარტნიორებისგან დღესაც ითხოვდა, რომ უკვე მიწოდებული იარაღის შორ დისტანციაზე გამოყენების უფლება მისცენ და დამატებითი შეიარაღებაც მიაწოდონ.

საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინისთვის კვლავ ნომერ პირველი ამოცანაა. ამას ადასტურებს ყოველდღიური საფრთხე და მათ შორის დღევანდელი სარაკეტო იერიში ხარკოვზე. სწორედ ამ ქალაქში ადგილობრივმა არტისტებმა ქვეყნის პარტნიორების ყურადღების მისაპყრობად ასეთი ფორმა მოიფიქრეს - ერთ-ერთი დაბომბილი ობიექტის ეზოში მათ "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემის დიდი ზომის გრაფიტი გააკეთეს წარწერით - „ღმერთმა გადაარჩინა ჩვენი სულები.. პატრიოტი გადაარჩენს ჩვენს სიცოცხლეს”.

დღის ამბები