05 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" გაიხსნა

თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" გაიხსნა. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება პანელური დისკუსიები რომელიც რეგიონში შექმნილ ვითარებას, საფრთხეებს და შიდა პოლიტიკას ეხება.

უცხოელი სტუმრების თქმით, მთავარი აქცენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდება. კონფერენციაზე ისაუბრეს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონსა და მის გავლენაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

"ჩვენ ვატარებთ ამ კონფერენციას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ყურადღებას აქცევენ საქართველოს, რომ ასევე ვაჩვენოთ ქართველებს, რომ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში და დავეხმაროთ საქართველოს, რათა განაგრძოს თავისი სვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ. ამ წლის კონფერენციას ჰქვია "გარდამტეხი წელ". არჩევნები გაქვთ ქვეყანაში ოქტომბერში. გასული წლის კონფერენციის შემდეგ, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გაუმჯობესებისკენ არის, უფრო მეტად ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი," - აცხადებს დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი.

საქართველოს გამოწვევებსა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა ჩეხეთიდან მარკეტა გრეგოროვამაც.

"ტექნიკურად, ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი საქართველოსთვის არის მომავალი არჩევნები და როგორ ჩაივლის ის. ვფიქრობ, მომავალ არჩევნებზე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ და ეს არის ის, რაში დახმარებაც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ, რომ არჩევნები არ იქნას მანიპულირებული, იყოს სამართლიანი და დემოკრატიული. ეს არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია. ჯერ კიდევ არის საკმაო გამოუყენებელი ბერკეტები - ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაპირველად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს უკვე არის საკმაოდ ძლიერი ნაბიჯი," - აცხადებს გრეგოროვა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები "ქართულ ოცნებაში" შეაფასეს.

"ეს არის ალქაჯების გაერთიანება, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, გვმოძღვრავენ, დემოკრატიაზე ნოტაციებს გვიკითხავენ. ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ დროისა და ფულის ხარჯვაა. საღამოს, 8 საათისთვის თუ შემეხმიანებით, კაი 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართული სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის, მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით.

მე კი არა, ჩვენი მოქალაქეები თავად გეტყვიან და მერე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანას თითის ქნევით არ უნდა დაელაპარაკო, ამ ქვეყნის ამაყ ხალხს ცალ ფეხზე დგომა არ უნდა მოსთხოვო," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები