16 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
რამდენმა ორგანიზაციამ წარადგინა ფინანსური დეკლარაცია და რა სანქციები დაეკისრებათ კანონის დამრღვევ NGO-ებს - "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის დრო ამოიწურა

"უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციისთვის ვადა ამოწურულია. ოფიციალური მონაცემებით, ხუთასამდე ორგანიზაციამ მიმართა საჯარო რეესტრს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლა სთხოვა. კანონის მიხედვით კი, ყოველწლიური დეკლარაცია ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ უნდა შეავსოს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.

სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის დროს, ორგანიზაციამ წინა წელს მიღებული თანხის და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინოს, უარის შემთხვევაში კი სოლიდური ჯარიმის გადახდა დაეკისრება. პირველივე ეტაპზე, ფულადი სანქცია 25 ათას ლარს ითვალისწინებს.

დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, მესამე სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა არ არის. ისინი "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციაზე უარს ამბობენ და გამჭვირვალობის კანონის აღსრულებას არ აპირებენ.

რატომ ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კანონს - კონკრეტული ახსნა აქვთ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" მესამე სექტორის ნაწილის პოზიციის მიღმა ფინანსებისა და მიღებული თანხის ხარჯვის დამალვის მცდელობას ხედავენ.

კანონის ამოქმედების შეჩერებას მისი ინიციირების შემდეგ ითხოვენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის კანონმდებლობა ქვეყანას არ სჭირდება და ვარაუდობენ, რომ მისი დაუმორჩილებლობა მესამე სექტორის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.

გამჭვირვალობის უალტერნატივობაზე სახელისუფლებო პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დემოკრატიის მთავარი პირობა პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებაა და მათ მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის იუსტიციის მინისტრს მიმართავს და სთხოვს, ცვლილებები შეიტანოს ბრძანებაში, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებას" ეხება. ლევან იოსელიანის მიმართვის მიხედვით, მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში რისკის შემცველია. სახალხო დამცველი ითხოვს, რომ ცვლილებებმა უზრუნველყოს რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ არ გამოქვეყნდეს.

დღის ამბები