16 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა - ენათმეცნიერის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები მოპასუხე მხარემ ეჭვქვეშ დასკვნით სხდომაზევე დააყენა

ენათმეცნიერების ინსტიტუტი ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს გაემიჯნა. მოწმეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ფრაზას: "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" მხოლოდ უარყოფითი კონოტაცია აქვს, დღეს მისი პოლიტიკური მიკერძოებაც შეახსენეს.

მარინა ბერიძე ბოლოა, ვინც მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად წარადგინა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით დაწერილი კვლევის შედეგების წარმოდგენა მოსთხოვა. ექსპერტის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მმართველი გუნდი, თსუ-ს ენათმეცნიერს ოპოზიციის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და ამის დასტურად სოციალურ ქსელში მის მიერ, სადავო კანონთან დაკავშირებით დაწერილი და გაზიარებული პოსტები მოჰყავს.

ენათმეცნიერის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები მოპასუხე მხარემ ეჭვქვეშ დასკვნით სხდომაზევე დააყენა. კრიტიკის საგანი ბერიძის ის განცხადებაც გახდა, სადაც მან თქვა, რომ ქართულ ენაში "უცხოური ინტერესების გამტარი ორგანიზაცია" ცალსახა ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. სარჩელების ავტორებმა ექსპერტის პოზიციები სრულად გაიზიარეს, ისევე, როგორც იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ენათმეცნიერს ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს.

სხდომაზე, რომლის მიმდინარეობასაც ოპოზიცია თვალს არ ადევნებდა, ვრცლად ისაუბრეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიზნებთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარემ დასკვნით სიტყვაში დეტალურად ახსნა, რით განსხვავდება ქართული კანონი, რუსეთსა და უნგრეთში მოქმედი კანონმდებლობისგან. არგუმენტების სახით, პარლამენტის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც დაასახელეს.

დასკვნით სხდომაზე განხილვის საგანი იყო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხება. სწორედ ამ მუხლთან დაკავშირებით იყო ჩანაწერი გერმანელი სპეციალისტების მიერ დაწერილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაშიც, რომლითაც კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესში, მოსარჩელე მხარე ხელმძღვანელობდა. დასკვნა პარლამენტის წარმომადგენლობამ კონსტიტუციური მართლწესრიგის საფრთხედ შეაფასა.

გერმანული მხარის მიერ წარდგენილ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში არსებულ უზუსტობებზე, დღეს სახელისუფლებო გუნდის წევრებმაც ისაუბრეს. უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, დოკუმენტი მანიპულაციურია და ბევრ ფაქტობრივ შეცდომას მოიცავს. დასკვნას, რომელსაც "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეები ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იყენებენ, არ იცნობს ამავე კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიცია.

საკითხი, რომელზეც სამდღიანი განხილვის განმავლობაში დავა არ წყდებოდა, "გამჭვირვალობის კანონის" ლეგიტიმური მიზნები იყო. სალომე ზურაბიშვილის სახელით წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში ასახული პოზიცია, მისივე წარმომადგენელმა დასკვნით სხდომაზევე უარყო. გიორგი ბურჯანაძემ პროცესზე დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, წარდგენილ სარჩელში კი პირიქით ჩაწერა, რომ მიღებულ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობა ლეგიტიმურ მიზნად.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ წარდგენილი. როდის დაიწყება სარჩელების არსებითად განხილვა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს პლენუმი გამოაცხადებს.

დღის ამბები