"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "დემოკრატიის ფესტივალი" საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო და ღონისძიებებმა, რომელიც რეგიონებში ჩატარდა, უცხო ძალის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მცდელობა დაადასტურა. სწორედ ამ ორ მიზეზს უკავშირებს მმართველი პარტია, ორგანიზაციის მხრიდან გაუქმებულ ბოლო 2 ღონისძიებას. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში ფესტივალის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა, ღონისძიებები ვერ შედგა.
რატომ გაუქმდა დედაქალაქში დაგეგმილი ბოლო ღონისძიება - "დემოკრატიის ფესტივალის" ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, მედიასთან განმარტებებს არ აკეთებს. კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც ლევან ცუცქირიძემ, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია და ახლა პოლიტიკური გაერთიანების წევრია. "კურიერი" დღეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა დანიის საელჩოს, რომელიც "დემოკრატიის ფესტივალს" ფინანსურს მხარდაჭერას უწევდა, თუმცა, დიპლომატიურმა უწყებამ ჩვენი წერილი ისევ უპასუხოდ დატოვა.
იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობდნენ და ღონისძიებას საკუთარი საარჩევნო აგიტაციისთვის იყენებდნენ, ვარაუდობენ, რომ ფესტივალის გაუქმების მიზეზი მმართველი პარტიის განცხადებები გახდა. ხელისუფლების ოპონენტები რეგიონებში ჩატარებულ ღონისძიებებში ანტიკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავენ.
სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ღონისძიების გაუქმების მიზეზი მისი ანტიკონსტიტუციურობა გახდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დემოკრატიის ფესტივალის მაგალითმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიისთვის უცხოურ ფულს არასამთავრობო სექტორის გავლით იყენებს.
"დემოკრატიის ფესტივალი" რამდენიმე რეგიონში - წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა. ღონისძიებების დონორი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტია, რომელიც თავის მხრივ, დანიის პარლამენტმა დააფუძნა. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ აღნიშნული ფესტივალი ოპოზიციამ საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა, მათთვის ამის დასტური მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერების გამოფენაც იყო.