21 დეკემბერი 2024,   19:57
ვრცლად
საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა

საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და საზოგადოებას პირველად მიმართა.
მიშელ ბარნიეს განცხადებით, მას სურს, უპასუხოს იმ გამოწვევებსა და უსამართლობას, რომელსაც ფრანგები განიცდიან.

"ჩვენ რთულ მომენტში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ფურცელი, ეს პერიოდი სასარგებლო იყოს ფრანგებისა და საფრანგეთისთვის“, – განაცხადა მიშელ ბარნიემ.

საფრანგეთის ახალმა პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში პარლამენტის წინაშე წარადგენს ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს.

"ახლა პრემიერისგან ელოდებიან, რომ ის სიმართლეს იტყვის, თუნდაც რთული იყოს. ჩვენ უპირველესად უნდა ვიმოქმედოთ და არა ვილაპარაკოთ, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც იმუშავებს," -განაცხადა ბარნიემ.

როგორც მიშელ ბარნიემ განმარტა, სამომავლოდ საჭირო იქნება "ბევრი ყურადღება და ბევრი პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, მთავრობასა და პარლამენტს შორის“, ასევე პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილეს შორის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა. ის 2016-2021 წლებში "ბრექსიტის" მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.

ახალი პრემიერ-მინისტრის დასახლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის თავზე მოხდა, რომლის შედეგადაც ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება.

დღის ამბები