14 ოქტომბერი 2024,   17:41
ვრცლად
მოსმენა სენატში - ვინ როგორ აფასებს ეკა გიგაურის გამოსვლას და რა განცხადებებს აკეთებდნენ ამერიკელი სენატორები

პრემიერ-მინისტრმა, ეკა გიგაური ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ამჯერად სენატში გამოსვლის შემდეგ დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით,, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია მოახდინა. მთავრობის მეთაურმა სენატში გამართული მოსმენის ფარგლებში სენატორების მხრიდან გამოხატული პოზიციებიც შეაფასა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა გუშინ გაიმართა. ამერიკელი კანონმდებლები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან პოზიციას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისმენდნენ. ეკა გიგაურის თქმით, გადაწყვეტილებას უცვლელად ტოვებენ და არ გეგმავენ კანონს დაემორჩილონ. გიგაურის გამოსვლის შემდეგ სიტყვით ისარგებლეს სენატორებმა. ერთ-ერთი ჯიმ რიში იყო, რომელმაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლებას თაღლითები უწოდა.

საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა ოპოზიციურ პარტიებში სხვადასხვა გვარად აღიქვეს. ნაწილმა მნიშვნელობის სადემონსტრაციოდ სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა. "ნაციონალურ მოძრაობაში" თქვეს, რომ სენატში გამართული მსჯელობა მორიგი გზავნილი იყო პარტნიორების მხრიდან. ოპოზიციის ნაწილისთვის კი პრობლემა თავად ქართველი მომხსენებლის ფაქტორი აღმოჩნდა.

ეკა გიგაურის ობიექტურობასა და მიკერძოებაზე აკეთებენ აქცენტს მმართველი ძალაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელს საზოგადოების ნდობა არ აქვს და საქართველოს სახელით არ უნდა საუბრობდეს.


მმართველ პარტიაში საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის დამოკიდებულება არ უკვირთ, თუმცა პარტნიორებს მოუწოდებენ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად შეაფასონ.

დღის ამბები