ეს არის ყველაზე სამწუხარო და გულდასაწყვეტი, რომ ასეთი ხასიათის განცხადებები კეთდება ყოველგვარი დეტალიზაციის და საფუძვლის გარეშე - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ის აშშ-ის ელჩის განცხადებას უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებს.
"ეს არის ყველაზე სამწუხარო და გულდასაწყვეტი, რომ ასეთი ხასიათის განცხადებები კეთდება ყოველგვარი დეტალიზაციისა და საფუძვლის გარეშე და ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ეს ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ.
მათ შორის ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ჰელსინკის კომისიაში განხილვის დროს, რაც კაპიტანი გიგაური იყო ე.წ. ობიექტურ დამკვირვებლად მოხსენიებული და მის ინფორმაციას ისმენდნენ სენატორები და რა მოვისმინეთ? რომ, თურმე, საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა და ეს დემოკრატიის უკუსვლა უკვე კარგა ხანია ჩვენ გვესმის და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა. მაშინ რა გამოდის, თვითონ სიტყვაც გვეუბნება ამას, რომ საიდანღაც დაიწყო და უკან მივდივართ. ანუ რა გამოდის, რომ 2004-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ძალა და ბანდა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მაშინ და ქვეყანას მართავდა, აქ ყვაოდა დემოკრატია? დემოკრატიის შუქურას რომ უწოდებდნენ ყველაზე მეტად, ეგ არის გულდასაწყვეტი ჩვენთვის, მაშინ, როდესაც ციხეებში, პირდაპირი მნიშვნელობით, ასობით ადამიანს კლავდნენ, ქუჩებში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვქონდა, ადამიანებს უცვივდებოდნენ საძინებლებში და თავიანთ ინტიმურ ურთიერთობებს უღებდნენ, არავითარი ღირსება რომ აღარ იყო ამ ქვეყანაში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატია და ახლა გვაქვს უკუსვლა?
მაშინ, როდესაც, "ქართული ოცნების" პირობებში, პირდაპირი მნიშვნელობით, დემოკრატიის უმაღლესი ხარისხი გვაქვს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ და არაერთი კვლევაა გამოქვეყნებული ხოლო ხანებშიც კი, სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავი. გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, გვაქვს მშვიდობა, ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ პირთა ჯგუფს ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს და ერთ დღეშიც კი დააფუძნოს ტელევიზია, და ამდენი ტელევიზია საქართველოს ისტორიაში, ერთად აღებული, არასდროს არ ყოფილა, რაც ახლა დღეს გვაქვს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე დემოკრატიაში უკუსვლა გვაქვს,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.