25 სექტემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე 6 მისამართზე მიმდინარეობს

დედაქალაქისთვის ავარიული სახლების არსებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საბჭოთა დროინდელი შენობების უდიდესი ნაწილი, ექსპლუატაციის ვადის გასვლისა და არასათანადო იერსახიდან გამომდინარე, თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას საჭიროებს. მსგავსი შენობების თანამედროვე საცხოვრებლით ჩანაცვლების პროექტზე თბილისის განვითარების ფონდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა "რუსთავი 2-თან"საუბარში განაცხადა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე 6 მისამართზე მიმდინარეობს.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 მისამართზე მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია. ჩასანაცვლებელი ავარიული სახლის ნაცვლად ახალი შენობა-ნაგებობის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება აქტიურ რეჟიმშია 30 მისამართზე, ხოლო აქტიური მოლაპარაკების რეჟიმშია 100-მდე მისამართზე მიმდინარეობს", - განაცხადა ქვარა ჩართოლანმა.

ავარიული სახლის ჩანაცვლებად განისაზღვრა დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობის განთავსება ისე, რომ დაცული იქნას დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და სხვა კანონიერი ინტერესები.

პროექტის მიხედვით, დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობას საცხოვრებლით თბილისის განვითარების ფონდი მანამ უზრუნველყოფს, სანამ თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა არ დასრულდება.

ქვარა ჩართოლანის თქმით, მშენებლობის პერიოდში, სახლებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას თბილისის განვითარების ფონდი უშუალოდ სახლის მფლობელებთან ათანხმებს, თუმცა მოლაპარაკებების ეტაპზე, შესაძლოა, გარკვეულმა შეფერხებებმაც იჩინოს თავი.

 

დღის ამბები