მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრობს. იმ ფონზე, როდესაც "ლელომ" და გახარიას გუნდმა პრეზიდენტის აქტიური მედიაციით გაერთიანება ვერ შეძლეს, საუბრები კოალიციის შესაძლებლობაზე სახელისუფლებო პარტიისთვის არასერიოზულად გამოიყურება.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ძირითადად გარედან დაკვეთით მოქმედებენ, თუმცა ამბიციები კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობებს უზღუდავთ. მათი თქმით, საუბრები სამომავლო კოალიციაზე, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად შექმნილი სიმულაციაა, რომელსაც ქართული საზოგადოება არასდროს მიიღებს. ვერ შემდგარი შეთანხმების შემდეგ, გახარიასა და ხაზარაძის პარტიებში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება ვიდრე დღეს. თუმცა ვერც "ლელო" და ვერც "საქართველოსთვის", ვერ განმარტავს რა შეიძლება გახდეს კოლაბორაციის სტიმული სახელისუფლებო პორტფელების განაწილების შემთხვევაში.
თეორიულ კოალიციაში ლოკომოტივის როლზე პრეტენზია "ნაცმოძრაობას" და მის მთავარ საარჩევნო პარტნიორ სტრატეგია აღმაშენებელს აქვთ. ხუთი ნომრის ქვეშ გაერთიანებული ძალები ამბობენ, რომ ოპოზიციის სამომავლო კოალიციის გასაღები მათ ხელშია.
კოლეგების გაერთიანებას სამომავლოდ არ გამორიცხავს "გირჩი". თუმცა, მათი აზრით, ოპოზიცია იდეოლოგიისგან დაცლილია და ნებისმიერი ერთობა მხოლოდ დროებით საჭიროებებით იქნება განპირობებული. კოალიცია უდრის "ნაციონალური" მოძრაობის უფრო მძიმე და ერთპიროვნულ რეინკარნაციას - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების პოზიცია.
კანონმდებლები ოპონენტები დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით გამართულმა გაერთიანების უშედეგო მცდელობამ, ოპოზიციის რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
ორი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს სალომე ზურაბიშვილი პირადად წარმართავდა. პრეზიდენტის სასახლემ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილ ბანკირსა და ექს-პრემიერს რამდენჯერმე უმასპინძლა, თუმცა ე.წ. მესამე ცენტრი ვერ შედგა. "ლელო" და "საქართველოსთვის" 26 ოქტომბერს მხარდაჭერის მოპოვებას დამოუკიდებლად ეცდებიან.