თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ციციშვილის პარკის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, პარკის ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო 3 საბავშვო მოედანი, 2 სავარჯიშო სივრცე, განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა სხვა ინფრასტრუქტურა. სულ სამუშაოები ოთხი მილიონ 208 000 ლარი შეადგინა. პარკი 29 სექტემბერს კონცერტით გაიხსნება.
"რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სოკოს ფორმის სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემაც.
მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. დედაქალაქს რეკრეაციული სივრცეები ყველაზე მეტად სჭირდება. აღნიშნულ პარკს 29 სექტემბერს საზეიმოდ გავხსნით. საღამოს რვა საათზე, ე.წ. ციციშვილის პარკში "გუფი ლენდის" კონცერტი გაიმართება. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით", - აღნიშნა კახა კალაძემ.