14 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
"ტურიზმი და მშვიდობა" - საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად მასპინძლობს

"იყავი საქართველოს სტუმარი" - ვიდეორგოლი, რომელიც ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მოგვითხრობს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ოფიციალური გვერდზე საპატიო ადგილს იკავებს. განსაკუთრებულ თარიღამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წელს პირველად საქართველო უმასპინძლებს. სლოგანიც სიმბოლურია - "ტურიზმი და მშვიდობა".

თბილისის ქუჩებსა და აეროპორტში 27 სექტემბრის მოახლოება უკვე იგრძნობა. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად, საქართველოს არაერთი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები - მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვევიან. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.

მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი სლოგანის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მიმართვა უკვე გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტიერეში ტურიზმის სექტორზე, როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტზე საუბრობს.

შეხვედრის მთავარ ადგილად საქართველო გასულ წელს შეირჩა - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა, ჩვენს ქვეყანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განიხილება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა სექტორის განვითარების კუთხით. ტურიზმის მსოფლიო დღე 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება.

დღის ამბები