16 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
კრიტიკული კითხვები და შენიშვნები პარტნიორ ქვეყნებს - შალვა პაპუაშვილის განცხადება საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების შესახებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საარჩევნო პროცესში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს. სპეციალურ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა მედიამონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა და თქვა, რომ ბოლო 21 დღის განმავლობაში, პარტნიორების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ემსახურებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის გარეთ გაკეთებულ განცხადებებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეუქმნას დღის წესრიგი ოპოზიციას.

გზავნილები, რაც პარტნიორებისგან ისმის, ხელისუფლების ოპონენტებისთვის არა წინასაარჩევნო გარემოზე ზეგავლენად, არამედ, საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერად აღიქმება. ოპოზიციაში, მმართველი პარტიის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამენ და მას მხოლოდ მანიპულაციის მცდელობას უწოდებენ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში", სადაც ფიქრობენ, რომ პარტნიორების განცხადებები შესაძლებელია, ნამდვილად აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკურ პროცესებში ჩარევამ, თუმცა, "გირჩში" კითხვები ამ მიმართულებით სახელისუფლებო პარტიასთან აქვთ.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტნიორები, როგორც წესი, განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ ხოლმე, თუმცა, მათი თქმით, ამჯერად ეს დამოკიდებულება შეცვლილია და პირიქით, უცხოეთიდან უფრო მწვავე შეფასებები ისმის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს აშკარად შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაა და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ემსახურება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია ქართულ პოლიტიკურ პროცესებში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს. სპეციალურ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა ამის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები