16 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ეს გვაჩვენებს, რომ სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც არ ერიდება, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას მისცეს თემა სალაპარაკო, ესეც შიდა პოლიტიკაში ჩარევაა - შალვა პაპუაშვილი ბაიდენის მიწვევის გაუქმებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია.

პაპუაშვილის შეფასებით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან.

"კი, როგორც ვიკითხე, ეს მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია უკვე, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მიწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ახლა ამ ქცევით ვიხილეთ. რაც უფრო მკვახეა და აუხსნელია ხანდახან ასეთი ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალო არის ოპოზიციის მდგომარეობა, რომ ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაცია, იმისთვის, რომ რაღაცნაირად ოპოზიციას მისცეს თემა სალაპარაკო. ესეც სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის.

რაც შეეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს, სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. "ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

დღის ამბები