25 სექტემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ნორმები, რომლის საფუძველზეც NGO-ები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნეს, თავის დროზე თავად "საერთაშორისო გამჭვირვალობის", "საიას" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით მიიღო პარლამენტმა - შალვა პაპუაშვილი

"ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ამისთვის იყენებენ ფინანსურ რესურსებს. ეს ჩანს კიდევაც, ამას ღიად აკეთებენ, ამიტომ, ანტიკორუფციულ ბიუროს, როგორც ჩანს, საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ ისინი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად მიეჩნია", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "აირჩიე ევროპას" მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები.

"ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ისინი ამისთვის იყენებენ ფინანსურ რესურსებს. ამას ღიად აკეთებენ, ამიტომ ანტიკორუფციულ ბიუროს როგორც ჩანს, ამის საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ ისინი მიეჩნია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.

ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც იქნენ ცნობილი საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, ეს ნორმები თავის დროზე თავად "საერთაშორისო გამჭვირვალობას", "საიას" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ასე რომ, ეს სტანდარტი მათივე ინიციატივით არის მიღებული და ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ.

არავის შეზღუდვა არ ხდება. ყველას შეუძლია აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. უბრალოდ თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის, მაშინ უნდა გაასაჯაროოს ამის ფინანსები. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში და ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს საქართველოში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები