14 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
"მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რათა ნაკლები სასპეკულაციო დავუტოვოთ, როგორც გარე, ისე შიდა აქტორებს" - ლევან მაჭავარიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობაზე"

პრემიერის მოსაზრებას სრულად იზიარებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მისასალმებელია, რათა შიდა და გარე აქტორებს სპეკულაციისთვის ნაკლები სივრცე ჰქონდეთ.

"რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის ეს მოწოდება, ვინაიდან ნაკლები სასპეკულაციო დავუტოვოთ, როგორც გარე, ისე შიდა აქტორებს. ქალბატონი გიგაური ისედაც ლუსტრირებულია საზოგადოებაში, ყველამ კარგად იცის, რომ მის დასკვნას არანაირი ფასი არ ექნება. ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და შეგახსენებთ, რომ იგი იკავებდა ძალიან მაღალ პოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ძალოვან სტრუქტურებში. თუმცა, კი ბატონო, დააკვირდეს და ვნახოთ, რა შედეგს დადებს. მე, დაახლოებით, მოლოდინი მაქვს მის დასკვნასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, გუშინ, გავრცელებულ ტექსტში ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონს, რადგან ფაქტია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს და აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. თუმცა. პრემიერი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესებისთვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია "გამჭვირვალობა საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

დღის ამბები