22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისის კლუბებში - შსს ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც თაღლითობისა და გამოძალვის კონკრეტული ფაქტები ჩანს (ვიდეო)

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - გვიან ღამით, სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე კლუბში შევიდნენ. რეიდის შედეგად, დაკავებულია 15 პირი - მათ თაღლითობასა და გამოძალვას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ.

სქემა წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული კაფე-ბარების მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს და, ძირითადად, გათვლილი იყო უცხოელ სტუმრებზე. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეები შემდეგნაირად მოქმედებდნენ: როდესაც მოქალაქე მოითხოვდა ანგარიშს, მათ მიჰქონდათ თანხა, რომელიც 4-ჯერ და 10-ჯერ მეტი იყო. მაგალითად, 400 ლარის ნაცვლად, 4 000 ლარი და ა.შ. აიძულებდნენ, რომ ეს თანხა გადაეხადათ და, ხშირად, დაზარალებულებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ვიდეომასალაც, სადაც თაღლითობისა და გამოძალვის კონკრეტული ფაქტებია ასახული.

ამ დროისთვის, დალუქულია სულ 5 ობიექტი. საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამოიღეს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის - მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

"მე არ ვმუშაობდი, ვისვენებდი გუშინ... სავარაუდოდ, ღამე მოვიდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს, არ ვიცი... გავიგე მეც, რომ ტურისტებს თანხას სძალავდნენ და რამდენად მართალია, ვერ გეტყვით. აქ გამიგია მსგავსი ფაქტები, ხშირად გამიგია ასეთი რაღაც, რომ ბევრს ახდევინებენ,“ – აცხადებს ბარის თანამშრომელი.

დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან, უახლოეს საათებში მათ ბრალს ოფიციალურად წარუდგნენ. სავარაუდოდ დღესვე მოხდება სასამართლოში მათ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობაც. წარდგენილი ბრალი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები