21 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს გერმანული კანონმდებლობის თანახმად, დიასპორასთან შეხვედრის ნებართვა - გერმანიის საელჩოს წერილობით პასუხი "კურიერს"

პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტს გერმანიის კანონმდებლობის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. საუბარია 29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში სააგიტაციო შინაარსის შეკრებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ხმის უფლების მქონე ქართველებს, მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრებოდა. ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილს დღეს გერმანული კანონმდებლობა შეახსენა და თქვა, რომ მას, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, გერმანიის ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაცია ეკრძალება.

ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს გერმანული კანონმდებლობის თანახმად, დიასპორასთან შეხვედრისთვის ადგილობრივი მთავრობის ნებართვა - "კურიერის" შეკითხვას გერმანიის საელჩომ წერილობით უპასუხა და თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია ზურაბიშვილის საარჩევნო შინაარსის შეხვედრებთან დაკავშირებით. საელჩომ ინფორმაციის დასაზუსტებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართა, სადაც გვითხრეს, რომ გერმანული მხარე პროგრამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო.

უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე საუბარს თავს არიდებს ოპოზიცია. ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობამ, საკუთარი კანონების აღსრულება თავად უნდა უზრუნველყოს, ნაწილი კი პრობლემას სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მიკერძოებაში ხედავს.

სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავიდა. ჯერ საფრანგეთში, შემდეგ გერმანიასა და პოლონეთში ჩავიდა, დღეს კი უკვე ბრიუსელში, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდა.

დღის ამბები