21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
ყველაზე მსხვილმასშტაბიანი პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე - ირანის ბაზებიდან თელ-ავივის, იერუსალიმის და კიდევ 7 ქალაქის მიმართულებით 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

ისტორიაში მეორე პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე, ირანმა, თბილისის დროით საღამოს 9 საათისთვის დაიწყო. ირანის ბაზებიდან თელ-ავივის, იერუსალიმისა და კიდევ 7 ქალაქის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

თავშესაფრებიდან სახლებში დაბრუნებულ მილიონობით ისრაელელს შინ ნამსხვრევები დახვდა. იყო სიხარულიც, რომ ირანის მასიურ სარაკეტო თავდასხმას მათ რიგებში მსხვერპლი არ მოჰყოლია. გუშინდელი ღამის დეტალებს იხსენებენ ისრაელში მცხოვრები ქართველები.

"რკინის გუმბათს" ღამით ბევრი სამუშაო ჰქონდა, რომელიც იდეალურად შეასრულა. ირანიდან ნასროლი 180 ბალისტიკური რაკეტა ერთგვარი რევანში იყო, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის გამო. ისრაელთან ერთად ამერიკული და ბრიტანული საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდების დახმარებით მათი მოგერიება მოხერხდა, თუმცა ვერ მოხერხდა თელ-ავივის სადგურზე 2 ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის აღკვეთა, რომელსაც 7 პირი, მათ შორის ქართველიც ემსხვერპლა.

ისრაელი ირანზე პასუხს ჯერჯერობით უხმაუროდ ამზადებს. განიხილება, რომ მისი სამიზნე ირანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა იქნება, შესაძლოა ბირთვული პროგრამაც. მანამდე, ცახალი ღაზაში "ჰამასს", ლიბანში კი "ჰეზბოლას" ბომბავს - ეს უკანასკნელი რაკეტებითვე პასუხობს. მეზობლის ტერიტორიაზე ხმელეთით შესვლის შემდეგ ისრაელმა 400 მეტრით წაიწია წინ და ე. წ. შეზღუდული სამხედრო ოპერაციისთვის დამატებითი კონტინგენტიც ჩაიყვანა. შეტაკებებს ელიტური დაჯგუფების 7 ისრაელელი სამხედრო უკვე ემსხვერპლა.

ამგვარმა განვითარებამ აალაპარაკა ირანის სულიერი ლიდერიც. ალი ხამეინი, რომელიც ნასრალას მკვლელობის შემდეგ ბუნკერში იმალებოდა, მეტწილად ისრაელის მოკავშირეებს მიმართავს, რომლებიც რეგიონში ისრაელს უჭერენ მხარს. მან თქვა, რომ დასავლეთი ამ რეგიონიდან უნდა დაიკარგოს.

ხამეინი ამერიკის მიერ ჩამოგდებულმა რაკეტებმა გააღიზიანა, ასევე იმან, რომ მოკავშირეებმა ისრაელს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოთქვეს. სიტუაციურ ოთახში გამართული დისტანციური ოპერაციის შემდეგ, ვაშინგტონში ითქვა კიდეც, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება - იგივე ისმის სხვა დედაქალაქებიდანაც.

არაბულ სამყაროს გუშინ ზეიმი ჰქონდა. როგორც იქ ამბობენ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ იქნება მომდევნო ტალღაც. რეგიონის პრაგმატული ქვეყნები სტაბილურობის მოწოდებებით გამოდიან, სხვა ნაწილი იმუქრება.

განგაშის სიგნალი ისრაელში დღეს დილიდანაც ისმოდა, თუმცა ამჯერად ლიბანიდან ნასროლი რაკეტების გამო - მსხვერპლი არ არის. "ჰეზბოლა" აანონსებს, რომ ეს მხოლოდ პირველი რაუნდია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს გავლენა უკვე აქვს საერთაშორისო ფრენების მარშრუტზე და ეკონომიკაზეც. რეგიონი მასშტაბურ ომს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

დღის ამბები