21 დეკემბერი 2024,   19:00
ვრცლად
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "აირჩიე ევროპა" საარჩევნო მიზნის სუბიექტების სიიდან ამოშალეს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, დისკრეციული უფლებით გადაწყვეტილება შეცვალა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "აირჩიე ევროპას" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების სტატუსი გაუუქმა. რაჟდენ კუპრაშვილმა მიზეზად ეროვნული ინტერესები დაასახელა და თქვა, რომ არ სურს საკითხმა წინასაარჩევნოდ დამატებითი სპეკულაციები გამოიწვიოს. გადაწყვეტილების ცვლილების მიუხედავად, რაჟდენ კუპრაშვილი კვლავ მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნები სახეზეა, მათი ქმედებები კი ფარული და გაუმჭვირვალე.

"კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეკა გიგაურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით კი, ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს დღევანდელი გადაწყვეტილების ოფიციალური აქტი გაასაჯაროოს. გამჭვირვალობისგან განსხვავებით, შეფასებები გაკეთდა ორგანიზაციაში "აირჩიე ევროპა," სადაც საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის გაუქმებას დადებითი ფაქტი უწოდეს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს გადაწყვეტილების შესაცვლელად პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყების დასკვნა სამართლებრივად დასაბუთებული იყო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ღიად დაფიქსირებული პოლიტიკური მიზნები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და დამატებით სტატუსს არ საჭიროებს.

ხელისუფლების ოპონენტები ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ პოზიციას მიესალმებიან, თუმცა, ამბობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილთან კითხვები მაინც აქვთ. ოპოზიციას ეჭვები ბიუროს დამოუკიდებელ საქმიანობაზე აქვს.

სახელისუფლებო პარტიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის გაუქმებას გონივრულსა და არსებული პოლიტიკური პროცესებისთვის შესაბამისს ნაბიჯს უწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით, მანიპულაციებისთვის სივრცე აღარ დატოვა. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ კონკრეტული სტატუსის გარეშეც, საზოგადოებამ ზუსტად იცის რა მიზანს ემსახურება ეკა გიგაურის ორგანიზაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოეხმაურა. ასამბლეა მიესალმება და დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის გაუქმებას.

 

დღის ამბები