21 დეკემბერი 2024,   20:35
ვრცლად
საქართველოს დელეგაციამ, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია ქალაქ მეხიკოში გაიმართა, მას 105 ქვეყნის და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატები ესწრებოდნენ, მათ შორის 16 ქვეყნის პირველი პირი და 20 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრეზიდენტ შეინბაუმს საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკის გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და იმედი გამოითქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მექსიკის პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებისთვის. აღინიშნა, რომ ეს კარგი იმპულსის მიმცემია ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ილია დარჩიაშვილმა ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხუან დე ლა ფუენტესთან. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობები და განსაკუთრებით აღნიშნეს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა მექსიკის დიდ როლს, ზოგადად საქართველოსა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ტრადიციულად ჩამოყალიბებული პოზიტიური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში. თავის მხრივ, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და მის მიღმა კავშირების განმტკიცებაში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მექსიკურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა კოლეგებს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან.

დღის ამბები