21 დეკემბერი 2024,   20:20
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი განიხილეს

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი (თანდართულ მასალებთან ერთად) და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ დოკუმენტი განიხილეს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5,3%.

მისი თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ზრდიდან გამომდინარე, მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდა 123,0 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს.

პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 24,4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 25,1%-ია. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 36,8%-ის ფარგლებშია.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31,2 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით 2 281,0 მლნ ლარით არის გაზრდილი და 26 850,5 მლნ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 27 046,5 მლნ ლარია, რაც 2024 წელთან შედარებით 2 016,1 მლნ ლარით მეტია.

პროექტის თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 700,0 მლნ ლარით, რაც 2024 წელთან შედარებით 870.9 მლნ ლარით არის გაზრდილია; განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 885,0 მლნ ლარით, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 377,0 მლნ ლარით აღემატება; კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება 515,0 მლნ ლარია (იზრდება 43,0 მლნ ლარით); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 200,0 მლნ ლარით განისაზღვრა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 745.0 მლნ ლარს შეადგენს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც 199,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 600,0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 350,0 მლნ ლარი, საქართველოს პროკურატურისთვის - 68,0 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის - 19,0 მლნ ლარი; სასამართლო სისტემისთვის - ჯამში 174,7 მლნ ლარი, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის - 13,7 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის - 10,3 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის - 8,5 მლნ ლარი.

"ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი. ჩვენ მომდევნო ორი თვის განმავლობაში შევეცდებით დავაზუსტო ის რესურსები, რომელიც გვექნება 2025 წლისთვის და ამის შემდეგ, ახალ პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ჩამოვაყალიბებთ, რომლის დამტკიცებაც დეკემბერში უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დღის ამბები