07 დეკემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ახალი სარჩელით, თუმცა უცვლელი შინაარსით - უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს, ამჯერადაც, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შესწავლისთვის მიმართავს

ახალი სარჩელით, თუმცა უცვლელი შინაარსით - საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს, ამჯერადაც, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შესწავლისთვის მიმართავს. მოსარჩელე მხარე პრეზიდენტს, მინიმუმ, 4 ტიპის დარღვევას ედავება - სავალდებულო ნებართვის გარეშე, საზღვარგარეთ ვიზიტებს; უცხო ქვეყნებში ქართველი დიპლომატების დანიშვნაზე უარს; საარჩევნო პროცესში ჩარევასა და, ამავე კონტექსტში, საზოგადოებისთვის საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევა-დასახელებას.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევამ რეციდივის ხასიათი მიიღო და მასზე რეაგირებაც აუცილებელია.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგიდან მალევე, სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა, თუმცა მედიას თავისი იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ არაფერი უთხრა. ზურაბიშვილის ნაცვლად, შეფასებები გააკეტეს ოპოზიციაში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ სჭირდება, ნაწილი კი ამბობს, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ეს თემა დღის წესრიგში აღარ დადგება.

ხალხის ინტერესები სახელდება მთავარ მოტივად, რომლის გამოც სახელისუფლებო პარტია პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევის პატიებას არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ მათი თხოვნით დაუჭირა მილიონზე მეტმა ადამიანმა ზურაბიშვილს მხარი, ახლა კი, ის მათ აზრს არ იზიარებს. მამუკა მდინარაძისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების განცხადებით, არცერთი ურთიერთობა, მათ შორის, დასავლეთთან - ქვეყნის დაზიანებისა და შეურაცხყოფის ხარჯზე ვერ გაივლის.

საკონსტიტუციო სასამართლოს, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ვერდიქტი 2023 წლის 16 ოქტომბერს ერთხელ უკვე გამოტანილი აქვს და მაშინ მას კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა დაუდასტურდა. ახლა, ერთი წლის თავზე, ანალოგიური სამართლებრივი პროცედურა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება, პარლამენტი კი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს.

დღის ამბები