ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, "დღის კურიერის" ეთერში, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმებზე ისაუბრა.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იქნება:
"ამასთან დაკავშირებით ჩვენი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას იმ დაწესებულებაში. ეს არის შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმების განხორციელების უნარი შესწევს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება სწორედ ის კოლექტივი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამ დაწესებულებაში.
კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და უშუალოდ მუშაობას დავიწყებთ. გვაქვს გარკვეული იდეები - ერთი მხრივ, როგორ რეაბილიტირდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ახალი მშენებლობები, რომლის რესურსიც და პოტენციალიც იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებას დაექვემდებარება, გააჩნია.
შესაბამისად, ვფიქრობთ, წამოვიწყოთ ისეთი სახის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით ამ სექტორში ფლაგმანი,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.