21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის სამზადისზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2200-ზე მეტ შემთხვევაში კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი წევრი განახორციელებს, მათგან ნახევარი აარჩია საარჩევნო ადმინისტრაციამ, დანარჩენი კი პარტიებმა. ცესკოს თავმჯდომარემ მიმართა კოლეგებს დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა და ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები.

საკითხზე ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა:

"არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი  წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.

დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას  და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ  ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უკვე აქტიურად ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას და მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.

6 ოქტომბრის მდგომარეობით 3031 საარჩევნო უბანში სულ არჩეულია/დანიშნულია  საუბნო საარჩევნო კომისიების 51 256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26 044 (3031 კომისიის თავმჯდომარე, 3029 თავმჯდომარის მოადგილე, 3028 მდივანი, 16 956 წევრი), ხოლო შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25 212 წევრი.  აქედან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანიშნულია 3030 წევრი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 3024, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ -2952, „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3002, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 3013; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“) – 1295; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 3015; „ევროპელი სოციალისტები“ – 2997; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - 2884.

ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1245 წევრი,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

(R)

დღის ამბები