27 დეკემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბი ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება" - შალვა პაპუაშვილი

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებენ. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებაა, რომლის მიხედვით არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბი გაიხსნება.

იუსტიციის სამინისტრო კანონდარღვევის ნიშნებზე, პარლამენტის თავმჯდომარე კი პირდაპირ კანონის დარღვევაზე საუბრობს:

"სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ექნება შექმნილი საარჩევნო შტაბი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. წარმოიდგინეთ, პარლამენტში შევქმნა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად და გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ასე შემდეგ; ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბები. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? დღისით, მზისით პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები