"ქართული ოცნება" ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააქტიურდა კამპანია, თითქოს მოქალაქეებს პასპორტებს და პირადობის მოწმობებს ართმევენ, რასაც ოპოზიცია და მესამე სექტორი წინა არჩევნებზეც ამტკიცებდა, თუმცა მსგავსი ფაქტები არ დადასტურდა.
მაშინ გამოკითხვაზე ეკა გიგაური და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი დაიბარეს, თუმცა მათ, პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ინტერესების საზიანოდ, უარი თქვეს წყაროს დასახელებაზე.
პირადობების თემაზე დღეს "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაშიც" ისაუბრეს. ბრიფინგზე თქვეს, რომ წნორში 30-მდე პირს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
"წნორში, მოხუცთა თავშესაფარში, 31 ადამიანს გამოართვეს პასპორტები და წაიღეს ისინი "ქართული ოცნების" ოფისში. თუ გააყალბებენ და უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ, მოსყიდვას არ ერიდებიან ამომრჩეველთან, ეშინიათ, რომ ხალხი გაბრაზდება და ამაზე გამოვა ქუჩაში.
შეგახსენებთ, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წელს იყო და ეს იყო ათასობით დარღვევა, მათ შექმნეს ყალბი საგამოძიებო კომისია და გაასუფთავეს ეს შედეგები," - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენელი თამარ კორძაია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ შესწავლის საგანია, თუ რა მიზანს ემსახურება პირადობის მოწმობების გამორთმევა.
"ვინც იყო დაბარებული - ყველამ ჩვენება მისცა, თუ დადგინდებოდა რაიმე დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში, ამაზე პასუხი უნდა გაეცა პროკურატურას. მონიტორინგის პროცესში ვამოწმებთ იმ მოცემულობას, ინფორმაციას, რომელიც ჩვენამდე მოდის. თუ ის სანდოობის მაღალი ხარისხით გვიქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს შეიძლება ავსახოთ ანგარიშში, შემდეგ აისახება ხოლმე ანაგრიშში.
მედიით არის ეს ინფორმაცია გავრცელებული არაერთგზის, როდესაც პირები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს ამ ტიპის პრაქტიკას. რა მიზანს ემსახურება პირადობის მოწმობების გამორთმევა და დაბრუნება თუ არ დაბრუნება, ეს არის შესწავლის საგანი," - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.