20 ოქტომბერი 2024,   17:10
ვრცლად
დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, დაბრუნდნენ შინ, ევროპაში - ლევან სანიკიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დილიდან პოლიტიკური განხილვის თემაა. საუბარია პაველ ჰერჩისკის მხრიდან ზურაბიშვილის ქარტიის მხარდაჭერის საკითხზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. პრობლემა ჩვენშია", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციაში კი ზურაბიშვილის განცხადებას და პაველ ჰერჩინსკის დამოკიდებულებას იწონებენ.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის სპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები საქართველოში მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას დაბრუნდნენ ევროპულ ოჯახში.

"ევროკავშირის ელჩი "ქართულ ქარტიას" ემხრობა. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ზოგადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები საქართველოში მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას, არამედ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას - დაბრუნდნენ შინ, ევროპაში. იცავენ ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ." - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება შფოთავს იმიტომ, რომ მათ იციან საკუთარ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდებიან.

"ეს ღელვა ახსნადია, რადგან მათ იციან, რომ საკუთარ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდებიან. ეს არის და ეს. "ქართული ქარტია" არ იქნებოდა, ივანიშვილს "ოცნებას" საქართველოსთვის ევროკავშირის კარი რომ არ გამოეხურა. ის 9 ევროპული რეკომენდაცია რომ შესასრულებელი იყო, ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ვიქნებოდით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები