22 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
"არცერთი მხარე არ საუბრობს კონკრეტულ პერსონალებზე, ეს საკითხი არჩევნებამდე 4 დღით ადრე უკვე აღარ დგას დღის წესრიგში" - ირაკლი ხვადაგიანი ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებაზე

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-8 ნომრის, ირაკლი ხვადაგიანის განცხადებით, კოალიცია პრეზიდენტის ქარტიის ერთგული რჩება და აგრძელებს კოორდინაციას ყველა პროდასავლურ და დემოკრატიულ ძალასთან.

როგორც ხვადაგიანმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ტექნიკური მთავრობის" შემადგენლობის დასახელება, არჩევნებამდე 4 დღით ადრე, დღის წესრიგში აღარ დგას.

"გაერთიანების ლიდერები გააკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს, რამდენადაც ეს მიმდინარე პროცესია, თუმცა ფუნდამენტური ჩარჩო და პირობა არის ცხადი და ურღვევი, რომ გაერთიანება, პარტია რჩება ქარტიის პრინციპების ერთგული და აგრძელებს მუშაობასა და კოორდინაციას ყველა პროდასავლურ, დემოკრატიულ ძალასთან, რაც გამარჯვების გარანტია.

არცერთი მხარე არ საუბრობს კონკრეტულ პერსონალებზე, ცხადია, ეს საკითხი არჩევნებამდე 4 დღით ადრე უკვე აღარ დგას დღის წესრიგში, რამდენადაც ლოგიკა არის ძალიან მარტივი და გასაგები ამომრჩევლისთვის, რომელიც ითხოვს ცვლილებებს და რომელიც ამას გააკეთებს 4 დღეში, გაიმარჯვებს და შეცვლის პრორუსულ, ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ რეჟიმს. ოპოზიციური ძალების გამარჯვება გარანტირებულს ხდის ძალიან სწრაფ, ცივილიზებულ კოორდინაციას, დიალოგს და ჩამოყალიბებას მომავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რაც ქარტიის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" რჩება ქარტიის ერთგული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის შესახებ ყველაზე ადრე თქვენ გაიგებდით. ეს არის მიმდინარე პროცესი და ყველანი ვემზადებით და ვმუშაობთ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი ფურცელი გადაშალონ საქართველოს ისტორიაში," - განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.

დღის ამბები