22 ოქტომბერი 2024,   19:17
ვრცლად
"არის პრინციპული მომენტი, პრინციპული საკითხები, რაზეც ვფიქრობ, საუბარი მართებთ ორივე მხარის მაღალ წარმომადგენლებს" - გია ვოლსკი სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრაზე ისაუბრა და განმარტა, რომ არის პრინციპული მომენტი, პრინციპული საკითხები, რაზეც ორივე მხარის მაღალ წარმომადგენლებს საუბარი მართებთ.

ვოლსკიმ საქართველოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სახელმწიფოებმა საერთო ენა უნდა მოძებნონ იმისათვის, რომ საქართველოში სტაბილურობით ყველა იყოს დაინტერესებული, მათ შორის, პირველ რიგში აშშ.

"არის პრინციპული მომენტი, პრინციპული საკითხები, რაზეც ვფიქრობ, საუბარი მართებთ ორივე მხარის მაღალ წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარაა და თავისი მცირე რესურსები აქვს, რასაკვირველია, მისი გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან მიმზიდველია ყველასთვის. მსოფლიოს არც ერთი დიდი ქვეყანა არ არის დარჩენილი, რომელსაც არ აინტერესებდათ ეს დამაკავშირებელი ერთადერთი ალტერნატივა რუსეთის დერეფნებისა, რომელიც საქართველოს გააჩნია. უშველებელი რესურსია ეს და მეორდება ისტორია. ახლა 21-ე საუკუნეა, არის ცივილიზებული სამყარო და ვფიქრობ, სახელმწიფოებმა უნდა მოძებნონ საერთო ენა იმისათვის, რომ საქართველოში სტაბილურობით ყველა იყოს დაინტერესებული, მათ შორის, პირველ რიგში აშშ.

ევროკავშირის 13-მა წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ კურსს გადავუხვიეთ, რადგან არ გვინდა, რომ ლგბტ პროპაგანდა შემოვიდეს ჩვენს ოჯახებში, თუმცა, არავინ ებრძვის ადამიანების უფლებების თვალსაზრისით ლგბტ თემის წარმომადგენლებს. ეს რეალობაა და არ უნდათ ამ რეალობის აღიარება. მეორე საკითხია, რომ თურმე გამჭვირვალობის წინააღმდეგ თუ ვინმეა, მთელი რესურსია შეგროვებული და არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ მოუწოდებენ ქვეყნებს, საერთაშორისო თანამეგობრობებს, რომ მხარი დაუჭირონ, მოვლენ და ჩაერთვებიან ომში, გინდა ეკონომიკურში, გინდა სამხედრო დაპირისპირებაში. თავს აწონებენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამით. მსოფლიო პრაგმატული და ცივსისხლიანია, მაგრამ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და ანგარიში ჩააბარონ საზოგადოებას, რა თანხებით მანიპულირებენ, როდესაც ასეთი მავნებლური პროგრამები აქვთ განსახორციელებელი. მთელი რიგი საკითხებია, რაც ამ ორმხრივ ფორმატში შეიძლება იქნეს განხილული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები