25 ოქტომბერი 2024,   23:32
ვრცლად
ძალადობა, მუქარა, მოსყიდვა, სიძულვილის ენა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა - იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალი, რომელზეც მმართველი პარტია საუბრობს 

ძალადობა, მუქარა, მოსყიდვა, სიძულვილის ენა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დარღვევების, რომელზეც მმართველი პარტია საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს თუ რა სტრატეგია ჰქონდათ მათ ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საინტერესოა ისიც, რომ ყველა ეს ფაქტი ღია წყაროებში იძებნება, თუმცა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შესაბამისად არ რეაგირებდნენ.

სახელისუფლებო პარტიის მიერ დასახელებული დარღვევებიდან მხოლოდ რამდენიმე მოხვდა ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში. ”სამართლიან არჩევნებში” ამბობენ, რომ მათ დასკვნაში ”ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალის დაზიანების და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები ასახეს. ორგანიზაციების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კამპანია არასამართლიანი იყო და ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.

სახელისუფლებო პარტიაში არ უკვირთ რატომ არ ხვდება "ოცნების" წინააღმდეგ გამოვლენილი დარღვევები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ მესამე სექტორის ნაწილი კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთანაა კავშირში და ხშირად პარტიული წევრებითაც არის დაკომპლექტებული.

მმართველი პარტიის კრიტიკის ადრესატი პოლიტიკური ძალები, ბრალდებებს არ იღებენ და ამბობენ, რომ თავად სახელისუფლებო პარტია უშლიდა ხელს მათ საარჩევნო კამპანიას. სხვა პარტიებში კი მიაჩნიათ, რომ ყველა ფაქტზე შესაბამისი შეფასება უნდა გაკეთდეს.

საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი მონიტორინგის დოკუმენტში მოხვდა წინასაარჩევნო პროცესში გარე ჩარევების მცდელობებიც. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით ქვეყნის ფარგლებს მიღმა დაახლოებით 250 განცხადება და კომენტარი გაკეთდა, რომლის რეალური მიზანი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იყო.

მმართველი პარტია მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდის.

დღის ამბები