25 ოქტომბერი 2024,   23:07
ვრცლად
"ნაცები უდრის უსამშობლო აგენტებს" - წარწერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე - მმართველი გუნდი, "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე გაკეთებულ წარწერებთან კავშირს უარყოფს

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, თბილისის ქუჩებში, საკუთარ საარჩევნო ბანერებზე, დღეს დილით, განსხვავებული წარწერები დახვდათ. "ნაცები უდრის უსამშობლო აგენტებს” - ეს ფრაზა რამდენიმე ათეულ ბილბორდზე გამოჩნდა. ”ნაციონალურ მოძრაობაში” მათი ბანერების მიზანმიმართულ დაზიანებაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედების მიღმა სახელისუფლებო პარტია დგას.

”ქართული ოცნება" კავშირს "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე გაკეთებულ წარწერებთან უარყოფს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ ფაქტის მიღმა საქართველოს ის მოქალაქეები დგანან, ვისთვისაც ყოფილი სახელისუფლებო ძალა, მათი ქმედებების გამო მიუღებელია.

სხვა ოპოზიციაც, მსგავსად "ნაციონალური მოძრაობისა", დარწმუნებულია, რომ წარწერები მმართველმა გუნდმა გააკეთა. ხელისუფლების ოპონენტები ამ ქმედებას საარჩევნო მანიპულაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ამას გავლენა ამომრჩეველზე არ ექნება.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ განწყობა, რომელიც საზოგადოებაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არსებობს, არავისთვის გასაკვირი არ არის და ის წარწერებიც, რომელიც მოქალაქეებმა გააკეთეს, რეალობას ასახავს. ”ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ეს პასუხია იმ განცხადებაზე, რასაც ყოფილი სახელისუფლებო პარტია მმართველი გუნდის მხარდამჭერების მიმართ აკეთებდა.

”ნაციონალური მოძრაობის” ბანერებზე წარწერების გაკეთებას, წინ უძღოდა, გიგი უგულავას და ხატია დეკანოიძის მხრიდან, რამდენიმე კვირის წინ ”ქართული ოცნების” საარჩევნო ბილბორდების დაზიანება. ქუთაისში, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ბანერები, სადაც უკრაინაში განვითარებული მოვლენებია გამოსახული და დატანილია წარწერა - არა ომს, გადაღებეს.

დღის ამბები