24 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
მზადება მე-4 ვადისთვის, 4 წელზე გაწერილი გეგმები და გასული წლების ანგარიში - "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დასრულდა

"ქართული ოცნების" 2024 წლის საარჩევნო კამპანია ბერა ივანიშვილმა დახურა - ისევე, როგორც 2012 წელს. იგივე სიმღერა, ხალხი და შეკრების ადგილიც. უცვლელი იყო დასკვნითი სიტყვის ავტორიც. მხარდამჭერებით სავსე დედაქალაქის ცენტრალურ მოედანსა და გამზირს ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა, რომ 12 წლის წინ დაწყებულ დემოკრატიულ წინსვლას "ოცნება" ლოგიკურ კულმინაციამდე, ანუ ევროინტეგრაციამდე მიიყვანს.

გამოწვევებითა და საფრთხით სავსე გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ამომრჩეველს მობილიზებისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ბოლოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გასამმაგებული ეკონომიკა, მუდმივად პროგრესირებადი მაკროეკონომიკური პარამეტრები და მიღწევები საერთაშორისო რეიტინგებში - თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ 12-წლიანი საქმიანობის ანგარიშიც ჩააბარა.

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ამბიციურ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და რამდენიმე ათეული მილიარდით გაზრდილი ქვეყნის ეკონომიკა - ასეთია სახელისუფლებო გუნდის 4 წელზე გაწერილი მიზანი.

ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების, სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით ევროპულ ოჯახში დაბრუნება - ეს ის მთავარი გზავნილებია, რომელიც სცენიდან "ქართული ოცნების" ლიდერებმა, კიდევ ერთხელ, დედაქალაქში გააჟღერეს. სახელისუფლებო პარტია, 113 მანდატის მიღების შემთხვევაში, "ნაცმოძრაობის" სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების პირობას დებს.

თბილისის შემაჯამებელ აქციაზე მოსულ ადამიანებს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

თბილისის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეების გულწრფელობის ოპოზიციაში არ სჯერათ. დღეს ხელისუფლების ოპონენტებმა "ოცნების" მხარდასაჭერად მისული ადამიანების სიმრავლე ვერ უარყვეს, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ის "ოცნების" საარჩევნო ხმებად ვერ კონვერტირდება.

ოპონენტების პოზიციას "ოცნების" მომხრეებით სავსე თბილისს უკავშირებს პრემიერი და თბილის მერი. მათი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არავითარ შანსი არ აქვს.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია თბილისში, დასკვნითი შეხვედრით დაასრულა. თბილისელებთან ერთად, ათიათასობით მოქალაქე დედაქალაქში, საქართველოს ყველა რეგიონიდან, მასშტაბური საერთო მსვლელობებით შემოუერთდა.

დღის ამბები