26 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
გორში, ხმის მიცემის პროცესი 8 საათიდან მიმდინარეობს

შიდა ქართლში საარჩევნო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ჯამში 200 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამ დროისთვის, მოქალაქეების აქტიურობა მაღალია. ისინი ამბობენ, რომ ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა სირთულეს არ წარმოადგენს.

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ისაკაძე ამბობს, რომ გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 95 საუბნო საარჩევნო კომისია შედის. ყველა მათგანი დილის 8 საათზე, პროცედურების სრული დაცვით გაიხსნა და ამომრჩეველი მიიღო. მისივე ინფორმაციით, აქტივობა მაღალია.

"საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონენი და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ეხმარებიან ამომრჩევლებს. აქ უმთავრესი არის ის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო უბანზე, ყველა აპარატი, ის ტექნოლოგიები, რაც შემოტანილი გვაქვს, მუშაობს ყოველგვარი შეფერხების გარეშე, რაც ამომრჩევლებს უადვილებს არჩევანის გაკეთებას და საუბნო საარჩევნო კომისიას დათვლის პროცესს და ა.შ. ჩვენ უკვე დაახლოებით საათ-ნახევარში ან ორ საათში გვეცოდინება წინასწარი შედეგი," - აცხადებს ლევან ისაკაძე.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

 

დღის ამბები