27 დეკემბერი 2024,   01:49
ვრცლად
არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა, სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებზე გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია - გიორგი კალანდარიშვილი

"არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირებები, რასაც საარჩევნო პროცესზე და მით უმეტეს, შედეგებთან მიმართებაში, გავლენა არ ჰქონია", - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს.

"დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა. არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირებები, რასაც საარჩევნო პროცესზე და მით უმეტეს შედეგებთან მიმართებაში, გავლენა არ ჰქონია.

ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს. ეს, რა თქმა უნდა, შედეგია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა.

თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული უპრეცენდენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია. გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული საქმიანობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი.

ჩვენთან ერთად არჩევნების წარმატებით წარმართვაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამომრჩევლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესში. ასევე, რა თქმა უნდა, მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება.

გაწეული მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიებს იმ სხვადასხვა დიალოგის თუ სამუშაო პლატფორმებში ჩართულობისთვის, სადაც ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურა და პროცესი ერთობლივად დავხვეწეთ და განვავითარეთ.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს, და რა თქმა უნდა არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისთვის მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, რომლებმაც ზოგ შემთხვევაში უპრეცენდენტო ზეწოლისა და უსაფუძვლო ბრალდებების ფონზეც კი განახორციელეს თავიანთი საქმიანობები, მაგრამ შეძლეს და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად წარმართეს", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები