26 დეკემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი - სამი დღე გადამწყვეტ თარიღამდე

აშშ-ში არჩევნებია - 66-მა მილიონმა ამერიკელმა, საკუთარი ხმა ვადამდელ კენჭისყრაზე უკვე დააფიქსირა. გასული საპრეზიდენტო არჩევნების რეკორდი მოხსნილია. ჩანს, რომ ამერიკელი ამომრჩეველი გააქტიურებულია, მთავარი კითხვა ისაა, თუ ვის სასარგებლოდ.

ადრეულმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ მერყევ პენსილვანიაში ქალი ამომრჩევლების რიცხვმა იმატა, არიზონაში კი მამაკაცების. ეს ის ხალხია, ვინც ამ არჩევნებზე საკუთარი ხმა პირველად დააფიქსირა. Gen Z-ის ამერიკული პოლიტიკის ქარტეხილებში გარკვევა არ გართულებია, რადგან ამ თაობას ინფორმაციაზე წვდომის მრავალმხრივი საშუალება აქვს. ტრადიციული მედია კი მათ შორის უკანასკნელია.

კარდი ბი დონალდ ტრამპს პირდაპირ ჰარისის კამპანიის სცენიდან უმღერის. დემოკრატ კანდიდატს ჯენიფერ ლოპესის შემდეგ მხარი რეპერმაც დაუჭირა. ჰარისის შეკრებებზე ჟღერს ბიონსეს სიმღერა, ცეკვავს ფლო მილი, სიტყვით გამოდის მაიკლ ქი და ამით ნათელია, რომ დემოკრატებს შოუ ბიზნესი კვლავ გვერდში უდგას. დემოკრატიული პარტია, ოპონენტების მსგავსად განსაკუთრებით აქტიურია მერყევ შტატებში, რომლებიც, როგორც წესი, ამ შეჯიბრში მთავარ სიტყვას ამბობენ.

ამომრჩევლის გულის მოსაგებად ყველა გზა გამართლებულია - მათ შორის ცეკვა ყველაზე უწყინარი რამაა. ტრამპმაც წაიცეკვა, მისი ჰუმანური სახის ჩვენება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. რესპუბლიკელი კანდიდატი ამ საარჩევნო კამპანიაში 2-ჯერ გახდა თავდასხმის სამიზნე, მუდმივად იყო საუბარი მის სასამართლო საქმეებზე და მაინც კამპანიას საკმაო წარმატებით ასრულებს. ის კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების ფავორიტია, რომლებსაც ის მიგრაციის დასრულებასა და სამუშაო ადგილების დაბრუნებას ჰპირდება.

გასულმა არჩევნებმა და კაპიტოლიუმის შტურმმა, ამერიკული ბიზნესი ისე შეაშინა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შუშის დახლები დამცავები კონსტრუქციებით გაამაგრეს. ქვეყანა ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნების წინ, ბოლო საათებს ითვლის. ყველაფერს კი ამომრჩეველი და საარჩევნო კოლეგიის ის 538 წევრი გადაწყვეტს, რომლებმაც 270 ხმით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

 

დღის ამბები