04 დეკემბერი 2024,   21:51
ვრცლად
როგორ უნდა იმოქმედონ პოლიტიკურმა ჯგუფებმა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს - NDI-ს და IRI-ს სახელმძღვანელოები და ამომრჩეველთა მობილიზების საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას დეტალურად განუმარტა ის მეთოდები, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური და დემოკრატიული ინსტიტუტები მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს წლების განმავლობაში ასწავლიდნენ. მომხრეთა სიების შექმნა, საკოორდინაციო ცენტრების არსებობა და საარჩევნო დღეს ელექტორატთან აქტიური კომუნიკაცია - ეს ის ძირითადი პუნქტებია, რაც NDI-ს და IRI-ს გზამკვლევების მიხედვით ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებისთვისაა აუცილებელი.

მხარდამჭერების მობილიზების მეთოდებს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ მომზადებულ გზამკვლევში ვრცელი მასალა ეთმობა. IRI-ს სახელმძღვანელო წერია, რომ პრე-საარჩევნო პერიოდში პარტიებმა მომხრეთა სიები და პერსონალური ინფორმაცია ყველა შესაძლო გზით უნდა მოიპოვონ. გაიდლაინში საუბარია არჩევნების დღეს მომხრეების უბნებზე მისაყვანად ე.წ. ზარების განხორციელების აუცილებლობაზეც.

საარჩევნო პროცესი სამართავად სატელეფონო ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს NDI-ც. დემოკრატიული ინსტიტუტის სახელმძღვანელო პარტიებს, არჩევნების დღეს, მხარდამჭერებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

მობილური ტელეფონის საკონტაქტო სიები, პროფესიული ორგანიზაციების წევრების სიები, თანამშრომლების ან პერსონალის სიები სამსახურებიდან, მისამართების წიგნაკები, ელ-ფოსტის სიები, ოჯახის წევრების სახელები - შეაგროვეთ ყველა ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მკაფიოდ და ამომწურავად. ხალხის მობილიზების სწორი და საუკეთესო გზაა - დაუკავშირდეთ სიის თითოეულ ადამიანს.

გასული დღეებისგან განსხვავებით, ე.წ. კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზების თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკა დღეს შერბილდა. ხელისუფლების ოპონენტები, ავტორიტეტული ორგანიზაციების ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას ვერ უარყოფენ. ამბობენ, რომ პრეტენზია სისტემურ დარღვევებთან აქვთ. თუმცა, კონკრეტული მტკიცებულებების საგამოძიებო უწყებაში წარდგენაზე უარს ამბობენ.

"მიზანმიმართული მცდელობა არჩევნების დისკრედიტირებისთვის" - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია ოპონენტების რიტორიკაზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ NDI-ს და IRI-ს სახელმძღვანელოების მიხედვით, ყველა მოქმედ პარტიას სემინარები პერმანენტულად უტარდებოდა. ამომრჩევლის მობილიზების თემით მანიპულირება კი სახელისუფლებო გუნდისთვის ოპონენტების მხარეს რეალური არგუმენტების არარსებობას ადასტურებს.

არჩევნებიდან 9 დღის შემდეგ, ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ისევ არ აღიარებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივი მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მობილიზებაზე საუბარიც იყო, თუმცა დღეს გამჟღავნდა, რომ მსგავსი შინაარსის ინსტრუქციები NDI-ს და IRI-სგან ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდა მიღებული.

დღის ამბები