სააპელაციო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში საარჩევნო დავებზე არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, პარალელურად, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია იმართება. სასამართლოსთან შეკრება ერთი საათის წინ დაიწყო. მეორე დღეა, ოპოზიციის შეკრების მთავარი ლოკაცია სააპელაციო სასამართლოა. იქ ოპოზიციონერი ლიდერები ეტაპობრივად იკრიბებიან.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ბრძოლის მიზანი არჩევნების ნამდვილობის დადასტურებაა.
"პროტესტი დღეს არის სასამართლოსთან, იმიტომ, რომ ბრძოლის კერა დღეს არის სასამართლო. ბრძოლა გრძელდება, ის იქნება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას, ამოცანაა, არჩევნების ნამდვილობა დადასტურდეს", - აცხადებს ანა დოლიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე, პროტესტი იქნება სასამართლოსთან, თუმცა შემდგომ როგორი იქნება ნაბიჯები, ამას სხვა ლიდერებთან ერთად გადაწყვეტენ.
"არავის არ აქვს ოპტიმისტური მოლოდინები, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს და სამართლიანი განაჩენი დადგება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.