27 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
"პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ, ცესკო-ს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს" - ლონდა თოლორაია

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე კოალიცია "ჩემი ხმის" წევრის ლონდა თოლორაიას გამოკითხვა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასთან კითხვები არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ლონდა თოლორაიამ, გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ პროკურატურა იძიებს, ცესკო-ს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს. ანუ, ეს არის ცესკო-ს მიერ გაცემული დავალება და სწორედ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებებია ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკო-ში, მტკიცებულებებია ასობით ვიდეო- და ფოტოფაილი, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, ნების არსებობის პირობებში, არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო", - აცხადებს ლონდა თოლორაია.

პროკურატურამ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე. აქვე, აღნიშნული იყო, რომ გამოკითხვის მიზნით, საგამოძიებო უწყებაში დაიბარებდა ყველა პირს, ვისაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდა.

დღის ამბები