06 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"პეივ ბანკის" დამფუძნებელი - სებ-ის ხედვა ფინტექის განვითარების მხრივ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ

სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიის დოკუმენტისა და ამ მიმართულებით მათი ხედვების გაცნობა, - ამის შესახებ ციფრული "პეივ ბანკის" თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა სებ-ის ფინტექის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

"სწორედ ეს ხედვა და მიდგომაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ციფრული ბანკის დაფუძნება გადავწყვიტეთ", - წერს სალიმ დანანი "ლინკდინის" ოფიციალურ გვერდზე.

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა.
დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

ქვეყნის შიგნით ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შემსუბუქებასა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას ისეთი პროექტებით, როგორებიცაა ღია ბანკინგი/ფინანსები, რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox), "ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC), როგორც ეკოსისტემა", მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა და სხვა.

საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს "შუა დერეფნის" ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან და მაქსიმალურად ცდილობს მათ ხელშეწყობას. ამასთან, მუშავდება რეგულირების საერთაშორისო ლაბორატორიის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის რეგულაციურ ჰარმონიზაციას, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უცხოური ფინტექ-კომპანიებისა და ტალანტის მოზიდვას საქართველოში.

დღის ამბები