"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. რა პრინციპით ხდებოდა საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე - ამ კითხვასთან დაკავშირებით, პასუხი პარტია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს არ აქვს. მისი თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მისი პარტიაში მყოფი კონკრეტული გუნდი იღებდა.
"წარმოდგენა არ მაქვს, მე საარჩევნო დამკვირვებლების, საოლქოების დაკომპლექტებაში არ ვმონაწილეობდი. ჩვენს პარტიაში იყო ამისთვის საგანგებო ხალხი, ვინც აკომპლექტებდა. მე თითო-ოროლა ადამიანს ვიცნობ, ვინც საოლქოში ჩვენს პარტიას წარმოადგენდა. დანარჩენი პარტიაში იყო ხალხი, ვინც ამით იყო დაკავებული", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებებს, ის, რომ მმართველი გუნდი პროკურატურას დღეს დამატებით წარუდგენს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ფაქტებს, თუ როგორ ხდებოდა "ქართული ოცნების" ხმების მოპარვა-განეიტრალება, არის პოლიტიკური სპეკულაცია და მიზნად ისახავს ოპოზიციის დისკრედიტირებას.
"მდინარაძე რას იტყვის, ეს ჩემთვის გადამწყვეტი არ არის და არც - ქართველი ხალხისთვის. რაღაც პროპაგანდისთვის შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყენონ, მაგრამ აღქმა საერთაშორისოდ და საქართველოშიც უკვე არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ არა აქვთ არავითარი ლეგიტიმაცია," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი პროკურატურას დღეს, დამატებით, წარუდგენს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ფაქტებს, თუ როგორ ხდებოდა "ქართული ოცნების"ხმების მოპარვა-განეიტრალება - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ითქვა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთლიანობაში, ამ ეტაპზე, საუბრობენ 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე, საერთო ჯამში კი მოკვლევის საგანია 420-მდე შემთხვევა. მისივე თქმით, შემთხვევების ნაწილი ეხება სავარაუდო დანაშაულს, როდესაც მოქალაქე ოპოზიციურმა პარტიებმა ნების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს სხვა საარჩევნო ოლქში კომისიის წევრად, რის გამოც ამომრჩევლების ნაწილს ხელი შეეშალა ხმის მიცემის პროცესში.