06 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება

ბოლო მონაცემებით, ნათელია, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება და, ყოფილთან ერთად, ის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტია.

ტრამპის გამარჯვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულია, თუმცა მისი უპირატესობა უკვე ნათელია. მან გადააჭარბა, საკრალურ რიცხვს - 270, რომელიც საჭირო იყო ელექტორალური ხმების თვალსაზრისით, რათა კანდიდატი გაპრეზიდენტებულიყო. ამ წუთის მონაცემებით, კოლეგიის 279 ხმა აქვს დონალდ ტრამპს, ხოლო კამალა ჰარისს 223.

ამომრჩეველთა ხმითაც, დონალდ ტრამპი ლიდერობს - მას მხარი 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა, ხოლო კამალა ჰარისს 65 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა.

78 წლის დონალდ ტრამპი, სულ მალე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდება. მისი ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 20 იანვრისთვის შედგება. არსებობს გარკვეული მონახაზიც თუ ვინ შეიძლება იყოს მის გუნდშიც, მაგალითად სიტყვით გამოსვლის დროს ტრამპმა რობერტ კენედი ახსენა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემაში მოიაზრებს - რობერტ კენედი იყო პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც მოგვიანებით ჩაეხსნა არჩევნებს და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. გარდა ამისა, ტრამპმა ილონ მასკიც ახსენა, როგორც რესპუბლიკელების ახალი ვარსკვლავი - ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ილონ მასკი ბევრ მნიშვნელოვან საკითხში მისი დამხმარე იყო.

ახლა, კაბინეტის დაკომპლექტებაში მთავარი როლი რესპუბლიკურ პარტიას ეკისრება, რომელმაც კაპიტოლიუმში თავისი პოზიციები გაიმაგრა. ისინი უმრავლესობით არიან წარმოდგენილები, რაც ასევე დიდი გარღვევაა რესპუბლიკური პარტიისთვის.

დღის ამბები