"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული შემთხვევის დადასტურებული ფაქტი, როდესაც კლასტერში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირდაპირი მნიშვნელობით, ან ხმები მოჰპარეს ამომრჩეველს, ან სცადეს რომ მოეპარათ", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გუნდი პროკურატურას დღეს დამატებით წარუდგენს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ფაქტებს.
"მათ ხელი შეუშალეს [ამომრჩევლებს] თავიანთი ნება განეხორციელებინათ არჩევნებში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით, შეიცავს სისხლის სამართლის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას, დღესვე შევა დამატებითი საჩივარი პროკურატურაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი პროკურატურას დღეს, დამატებით, წარუდგენს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ფაქტებს, თუ როგორ ხდებოდა "ქართული ოცნების"ხმების მოპარვა-განეიტრალება - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ითქვა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთლიანობაში, ამ ეტაპზე, საუბრობენ 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე, საერთო ჯამში კი მოკვლევის საგანია 420-მდე შემთხვევა. მისივე თქმით, შემთხვევების ნაწილი ეხება სავარაუდო დანაშაულს, როდესაც მოქალაქე ოპოზიციურმა პარტიებმა ნების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს სხვა საარჩევნო ოლქში კომისიის წევრად, რის გამოც ამომრჩევლების ნაწილს ხელი შეეშალა ხმის მიცემის პროცესში.