27 დეკემბერი 2024,   03:24
ვრცლად
როგორ შეცვალა მარიტას ცხოვრება ბარიატრიულმა ოპერაციამ - პრაქტიკული რჩევები რთული და გამოწვევებით სავსე გზის გასავლელად

სიმსუქნე - როგორც გლობალური გამოწვევა

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სიმსუქნე განსაკუთრებულ გლობალურ პრობლემად იცა. 1990-იანი წლების შემდეგ, ზრდასრულებში სიმსუქნის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა, ხოლო COVID-19-ის პანდემიის დროს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამ პერიოდში, იზოლაციამ და შეზღუდვებმა ადამიანების ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა და არაჯანსაღი საკვებისადმი მიდრეკილება გაზარდა. საკმაოდ მწვავედ დგას ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაშიც, სადაც, ბოლო კვლევებით, ზრდასრულთა 33%-ს სიმსუქნე აწუხებს. ეს რეალობა ჩვენს რეგიონში ცხოვრების უმოძრაო სტილისა და არაჯანსაღი საკვების პოპულარობის შედეგია.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, 2035 წლისთვის, მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს სიმსუქნის დიაგნოზი ექნება.

ბარიატრიული ოპერაცია, როგორც სიმსუქნესთან ბრძოლის ეფექტური ხერხი

სიმსუქნესთან საბრძოლველად, არაერთი მეთოდი არსებობს: ჯანსაღი დიეტები და ვარჯიში, მედიკამენტოზური მკურნალობა და ქირურგიული ჩარევები. ქირურგიული ჩარევა მოიცავს ბარიარტრიული ქირურგიის სხვადასხვა ტიპს, რომელიც სიმსუქნის მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა.

ამასთან, ბარიატრიულ ქირურგიას ახლავს რისკები, ამიტომაც ეს პროცედურა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როცა სხვა მეთოდები, როგორიცაა დიეტა და ვარჯიში, არ არის საკმარისი ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, ან მაღალია ქრონიკული დაავადებების რისკი. ამ ოპერაციის მთავარი მიზანი არა მხოლოდ წონის კლებაა, არამედ სიმსუქნით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევა და პრევენცია.

"რუსთავი 2" ესაუბრა მარიტა მაისურაძეს, რომელმაც ბარიარტრიული ქირურგიის გზა, დაახლოებით, 10 თვის წინ გაიარა. მარიტა ერთ-ერთია იმ პაციენტებიდან, რომელმაც სასურველ შედეგს დიეტებით და ინტენსიური ვარჯიშით ვერ მიაღწია.

"მქონდა ზედმეტი წონა და ყველანაირად ვცდილობდი, დიეტებით და ა.შ. რამენაირად დამეკლო. დღეს რომ ვუყურებ, ფაქტობრივად, შიმშილი დავიწყე. ამის შედეგად, დამეწყო ჰორმონალური დისბალანსი. დავინგრიე ორგანიზმი იმით რომ, ფაქტობრივად, არ ვიღებდი საკვებს, მივმართავდი ძალიან ექსტრემალურ დიეტებს და ამის ხარჯზე ვიკლებდი. თუმცა, ასეთი კლებით დიდხანს ვერ ინარჩუნებ წონას და შემდეგ ისევ ვიმატებდი ხოლმე.

წონის მატება რომ დავიწყე, მივმართე ვარჯიშს - დავდიოდი დარბაზში, ავიყვანე ტრენერი. 1 წლის განმავლობაში, მე და ჩემი ტრენერი ერთად ვვარჯიშობდით კვირაში 5 დღე ისე, რომ 1 წლის განმავლობაში 1 დღეც არ ჩამიგდია. პლუს, ვიცავდი სწორ კვებას. ამ ერთი წლის განმავლობაში დავიკელი მხოლოდ 12 კილოგრამი, რაც ძალიან ცოტაა იმ წონასთან შედარებით, რაც მე მქონდა", - ამბობს მარიტა ჩვენთან საუბრისას.

მას შემდეგ, რაც სწორი კვებითა და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშით ოპტიმალურ შედეგს ვერ მიაღწია, მარიტამ საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მას აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ინსულინრეზისტენტობა და ჰორმონალური დარღვევები, რაც წონის პრობლემასთან პირდაპირ კავშირშია.

"როგორც ექიმმა მითხრა, საბოლოო ჯამში, არასწორი კვება იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და შემდეგ ორგანიზმს უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება. ჯანსაღადაც ვცადე დაკლება - ბევრი რამ ვისწავლე, ტრენერმაც მასწავლა, ექიმებმაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ მაინც ვერ ვიკლებდი", - ამბობს მარიტა ჩვენთან საუბრისას.

ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი დიაბეტის მართვის შესაძლებლობაა. პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტისკენ მიდრეკილება ან ინსულინრეზისტენტობა, ხშირად მიმართავენ ამ ოპერაციას, რადგან ეს მათ შანსს აძლევს, გააკონტროლონ სისხლში შაქრის დონე და თავიდან აიცილონ ქრონიკული დაავადებები.

მარიტა, რომელსაც ჰქონდა როგორც მაღალი BMI, ამასთან ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი, ბარიატრიული ოპერაციისთვის შესაფერისი კანდიდატი გამოდგა. პროცედურის ტიპი მან ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ჯანმრთელობის ინდივიდუალური გამოწვევების შესაბამისად შეარჩია.

"ექიმმა მითხრა, რომ თუ ამ წონას არ დავიკლებდი, მაქსიმუმ, სამ წელიწადში დიაბეტი დამემართებოდა", - ამბობს მარიტა ჩვენთან საუბარში.

ოპერაციისთვის მზადება

ბარიატრიული ქირურგიისთვის მზადების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის მენტალურ მდგრადობასა და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებისთვის მზაობას. ამ ფაქტორებთან დაკავშირებით, მარიტას თავისმა ექიმმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:

"ძალიან მყარი მენტალური მდგომარეობა უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი გადაიტანო. ექიმმაც მითხრა, რომ ხშირია, როდესაც ადამიანები მზად არ არიან ამ ოპერაციისთვის, ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ და ძალიან უჭირთ შემდეგ ამ ყველაფერთან გამკლავება.

ზოგადად, თუ ადამიანს აქვს კვებითი აშლილობა, რომელიც მენტალური პრობლემაა და არა ფიზიკური, ამ შემთხვევაში, ექიმები თავს იკავებენ ოპერაციის გაკეთებისგან, რადგან შეიძლება იგივე პრობლემები ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე თვეში წარმოიშვას. მე როგორც ვიცი, არიან ადამიანები, რომლებსაც უარს ეუბნებიან იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მენტალურად არ იყოს მზად და არ იყოს მყარად თავის გადაწყვეტილებაში", - ამბობს მარიტა ჩვენთან საუბრისას.

გარდა მენტალური მზაობისა, აუცილებელია ოპერაციამდე პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევა. მარიტა იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, გაიკეთა ათობით ანალიზი, რათა მისი ორგანიზმი ოპერაციისთვის მაქსიმალურად მზად ყოფილიყო.

"აბსოლუტურად ყველა ანალიზი კეთდება, თან იმდენი, რომ ერთ დღეშიც ვერ ასწრებ გაკეთებას - ერთი კვირის განმავლობაში უნდა იარო, ამოწმო, ჩააბარო, გადაიღო და ა.შ. ამის შემდეგ, მიდიხარ პასუხებით ენდოკრინოლოგთან, რომელიც აფასებს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ოპერაციის ჩატარება. შეიძლება თვითონ კუჭზე გქონდეს პრობლემები. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, TSH მქონდა მაღალი და მითხრა, რომ ამით ვერ გაკეთდებოდა ოპერაცია. დავგეგმეთ მკურნალობა და სანამ ეს ჰორმონები რაღაც ნორმამდე არ მივიდა, იქამდე ოპერაციის გაკეთებაზე უარი მითხრეს", - იხსენებს მარიტა.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ პაციენტებს კვების მკაცრი გეგმა ენიშნებათ, რომელიც ორგანიზმს ახალ მდგომარეობასთან ადაპტაციაში ეხმარება. თავდაპირველად, მხოლოდ თხევადი საკვების მიღებაა ნებადართული, შემდეგ კი ეტაპობრივად გადადიან მყარ საკვებზე. ამ ეტაპების გავლა პაციენტის პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან არასწორმა კვებამ შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს.

"თავიდან, კვება იწყება მხოლოდ წყლის სმით, როდესაც კლინიკაში ხარ, შემდეგ თხევად საკვებზე გადადიხარ, როგორიცაა ხილის ნახარში, იოგურტები. შემდეგ დაბლენდერებული საჭმელი შემოდის, შემდეგ უფრო მყარი და ბოლოს გადადიხარ მყარ კვებაზე. ეს პროცესი გრძელდება, დაახლოებით, 2 თვე.

2 თვის განმავლობაში, კვებას თავიდან ეჩვევი, - როგორც პატარა ბავშვი შეეჩვეოდა ისე, ოღონდ დაჩქარებულად. ამ რეკომენდაციების დაცვა არის აუცილებელი. შეიძლება ძალიან ბევრი გართულება მოჰყვეს იმას, რეკომენდაციას თუ არ დაიცავ", - ამბობს მარიტა ჩვენთან საუბრისას.

მარიტა აღნიშნავს, რომ ოპერაციის შემდეგ მისი კვებითი ჩვევები რადიკალურად შეიცვალა -  მას "ფასტ ფუდისადმი" მიდრეკილება საერთოდ გაუქრა.

"დღეს ვიკვებები ყველაზე ჯანსაღად, როგორც კი ადამიანი შეიძლება იკვებებოდეს. მაგალითად, არასდროს არ ვჭამდი ხილს, არ მიყვარდა ბოსტნეული, დღეს კი ვიკვებები ხილით და ბოსტნეულით, ცხიმის გარეშე მომზადებული ჯანსაღის საკვებით, რადგან ეს მსიამოვნებს ყველაზე მეტად და საერთოდ არ მინდება "ფასტ ფუდი", სუნზეც კი ცუდად ვხვდები. არ მინდება ცომეული და მსგავსი არაჯანსაღი საკვები. აღარ მიყვარს, არ მინდა და იმიტომ არ ვჭამ, იმიტომ კი არა, რომ ვერ ვჭამ. ამ კუთხით, ჩემთვის ყველაფერი უკიდურესად უკეთესობისკენ შეიცვალა", - ამბობს მარიტა.

ოპერაციის შედეგები

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, წონის კლება 1 - 1.5 წლის განმავლობაში გრძელდება. მარიტამ ოპერაცია 2024 წლის 22 იანვარს გაიკეთა და ინტერვიუს ჩაწერის მომენტამდე 40 კილოგრამი დაიკლო [ინტერვიუ ჩაიწერა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს]. მის ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია და, როგორც თავად ამბობს, ეს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის შედეგია.

"ყველაფერი წესრიგში მქონდა და ძალიან მინიმალური რაოდენობით მქონდა D ვიტამინის ნაკლებობა. ვიტამინების ნაკლებობა რომ არ მქონოდა, პირველი პერიოდი, როდესაც ძალიან ცოტა საკვებს ვიღებდი და ორგანიზმი ფიზიკურად ვერ ითვისებდა იმდენ ვიტამინს, რამდენიც სჭირდებოდა, დამატებით ვიღებდი მულტივიტამინს, ექიმის რეკომენდაციით. ამ ეტაპზე, მე მხოლოდ D ვიტამინს ვიღებ", - აღნიშნავს მარიტა.

ჩვენთან საუბრისას მარიტა ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია პერიოდული ანალიზების ჩატარება ოპერაციის შემდეგ, რათა ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების დონე მუდმივად გაკონტროლდეს. მარიტას რჩევაა, არ "ჩააგდონ" ექიმის მიერ რეკომენდებული არცერთი გამოკვლევა, რომელიც ოპერაციიდან 1, 3 და 6 თვეში უნდა გაიკეთოს პაციენტმა, შემდეგ კი, მდგომარეობის მიხედვით, საშუალოდ, წელიწადში ერთხელ.

რჩევები მარიტასგან


ბარიატრიული ოპერაციის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის მხრიდან ცხოვრების წესის შეცვლაზე, ეს კი დიდ პასუხისმგებლობას და მენტალურ მზაობას მოითხოვს. მარიტას ვთხოვეთ, რჩევა მიეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს და იმ გზის გასავლელად ემზადებიან, რისი გავლაც მარიტამ 10 თვის წინ დაიწყო.

რჩევა1. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა სცადოთ - ვარჯიში, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი.

რჩევა 2. მოემზადეთ მენტალურად, რადგან წინ საკმაოდ რთული პერიოდი გელოდებათ, რადგან თქვენი ცხოვრება მთლიანად გადაბრუნდება - კვებითი ჩვევებიდან დაწყებული, ცხოვრების წესით დამთავრებული.

რჩევა 3. ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიეთ. თუ გაქვთ საშუალება, საუკეთესო ექიმთან მიდით, მიუხედავად ფასისა. სჯობს, ეკონომია ჯანმრთელობის ხარჯზე არ გააკეთოთ. ფინანსურად მზად იყავით რადგან, სამწუხაროდ, არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევა ამ ოპერაციას საერთოდ არ აფინანსებს.

ბარიატრიული ოპერაციის გაკეთებიდან 10 თვის თავზე, მარიტა შედეგით კმაყოფილია. ის მიიჩნევს, რომ მის შემთხვევაში, პროცედურამ 100%-ით გაამართლა. ბარიატრიული ქირურგია მისთვის არა მხოლოდ ჯანმრთელობის გამოწვევების დაძლევის, არამედ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა.

ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნესთან ბრძოლის თანამედროვე და ეფექტური მეთოდია, რომელიც პაციენტებს ჯანმრთელობის გამოწვევების დაძლევის ახალ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, პროცესი სერიოზულ პასუხისმგებლობას და საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. ოპერაციის წარმატების გარანტია გამოცდილი ექიმის შერჩევა, მენტალური და ფიზიკური მზადყოფნა, მკაცრი დიეტა და მუდმივი სამედიცინო კონტროლია.

 

ამავე თემაზე: "სლივი" თუ "ბაიპასი"? - ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი, დავით აბულაძე ორივე ტიპის ოპერაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს

ამავე თემაზე: "ძალიან ცუდი პრაქტიკაა თურქეთის მცირე ზომის კლინიკებში, სადაც იაფი ოპერაციები ბიზნესადაა ქცეული" - ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი, დავით აბულაძე ოპერაციის რისკებსა და გართულებებზე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები