26 დეკემბერი 2024,   14:32
ვრცლად
სამი ოპოზიციონერი ლიდერი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სამი ოპოზიციონერი ლიდერი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. პაველ ჰერჩინსკისთან იმყოფებოდნენ ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოსთვის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს, ისაუბრეს სამოქმედო გეგმასა და საპარლამენტო არჩევნებზე. მათივე თქმით, წარადგინეს მტკიცებულებები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია პარლამენტს მიღმა იქნება. 

"ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება და სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე. ჩვენი გეგმებიც ვუთხარით, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ მხრივ პარლამენტს ვერ ექნება. იქნება პროტესტები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და ბევრად უფრო შედეგზე ორიენტირებული. დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აცხადებს ნიკა გვარამია.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოთხი კოალიციის ჩართულობით მომზადებული ანგარიში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰერჩინსკის გადაეცემა.

"გაერთიანებული ანგარიში მზად არის, ის გადაეცემა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ჰერჩინსკის, რომ მან ეს ანგარიში შემდგომში გადააგზავნო ბრიუსელში. ანგარიში არის ოთხი კოალიციის ჩართულობით მომზადებული, შეჩერებული ანგარიშია, რომელიც მოიცავს სისტემური დარღვევების აღწერას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავამ. 

"პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისსავე დანაშაულს. ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება, სადაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი. ყველა გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს არჩევნებზე მიღებულ ინფორმაციას, გააუქმოს თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა საქართველოსთვის, დაუწესოს თუ არა ივანიშვილს და მის გარემოცვას პერსონალური ფინანსური სანქციები", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები